მანდარია: ბაკურიანში წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება

საქართველოს ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტების წყალმომარაგების პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, ამბობს წყალმომარაგების კომპანია.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღუდგება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე" დაყრდნობით.

ვითარება ზამთრის კურორტებზე – ბოლო ცნობები

ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ახალი წლის დღეებში გაჩნდა. გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა 31 დეკემბრის ღამით გაჩნდა, ბაკურიანში კი 1 იანვრის ღამით.

გუდაურში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა, რის შედეგადაც აღნიშნული პრობლემა გადაიჭრა.

რაც შეეხება ბაკურიანს, აქ წყალმომარაგება ჯერ კიდევ სრულად არ აღდგენილა, კვლავ რჩება რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი, რომლებიც უწყლობის გამო სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ და ყოველდღიურად კარგავენ დამსვენებლებს.

„საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის" ახალი ხელმძღვანელის გრიგოლ მანდარიას თქმით, ბაკურიანში ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია. შედეგად, ქსელში წყალი უკვე გაეშვა და დღის განმავლობაში წყლის მიწოდება მთელ დაბაში აღდგება.

მანდარიას ვარაუდით, მალე მოხერხდება იმ სასტუმროების წყლით უზრუნველყოფაც, რომლებიც უფრო პრობლემურ ადგილებში მდებარეობენ.

„წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანში თითქმის გადაჭრილია. ამჟამად წყალი მიეწოდება ბაკურიანის მოსახლეობას. პრობლემურ ობიექტებთან მუშაობენ ტექნიკური ჯგუფები და წყლის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივი მოხდება. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე მთელ ბაკურიანს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება", – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.