თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ლაინერის ყველა მგზავრი დაიღუპა. როგორც გამოცემა Sky News ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა – 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც ბორტზე მყოფი ყველა სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ ოჯახებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგა", – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დგინდება, იმყოფებოდნენ თუ არა მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეები.