საქართველოს პატრიარქმა „ალილოს“ მონაწილეები დალოცა

სწორედ საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით აღდგა 20 წლის წინ საშობაო „ალილოს“ ტრადიცია, რომლის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო მსვლელობა „ალილოს“ მონაწილეების დალოცვისას.

ანგელოზი ბავშვები და ბიბლიური პერსონაჟები: ალილო თბილისში - ვიდეო>>

დღეს, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებს გზაზე ხვდებოდნენ მოქალაქეები, საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წევრები მათ საახალწლო ნობათსა და საჩუქრებს გადასცემდნენ.

ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

ილია მეორე მსვლელობის მონაწილეებს საქართველოს საპატრიარქოსთან შეხვდა, მათ შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო საჩუქრები გადასცა.

„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეს შობა – ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება. ზეცა გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე და ადამიანის ბუნება აჰყავს ზეცას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გლოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – ბრძანა პატრიარქმა.

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 7 იანვარი - საშობაო ტრადიციები საქართველოში>>

„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.