ჯანდაცვის სამინისტრო: კიბოს სკრინინგზე ხელმისაწვდომობა 2020 წლიდან იზრდება

აქამდე კიბოს სკრინინგის პროგრამა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. პროგრამის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. 2020 წლიდან კიბოს სკრინინგის სერვისის მიწოდება ყველა იმ დაწესებულებას შეუძლია, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, იუწყება პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილების შედეგად პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იზრდება.

ყველაზე ხშირად რომელი დაავადებებისგან იღუპებიან საქართველოში >>

აქამდე აღნიშნულ სერვისს მოქალაქეებს სახელმწიფო შესყიდვის გზით ერთი გამარჯვებული დაწესებულება აწვდიდა.

„კიბოს სკრინინგი ძალიან დიდი ხანია, ქვეყანაში ვრცელდება, მაგრამ მაჩვენებელი, თუ რამდენად ბევრ ადამიანს მოიცავს ის, არის საკმაოდ დაბალი. არ აღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც სასურველია. პროგრამა ხდება ვაუჩერული და სერვისის მიწოდება შეეძლება ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც დაინტერესდება, შეასრულებს პროგრამით ნაკისრ ვალდებულებებს და ამ მექანიზმით, მივაღწევთ მაქსიმალურად გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ვიმედოვნებ, რომ ეს გაზრდის მომსახურების ხარისხს და რაოდენობას“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ.

ჯანდაცვა საქართველოში: 2019 წლის დადებითი და უარყოფითი შედეგები

საქართველოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზებს შორის ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილს იკავებს.

ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქტიული ასაკის ქალების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1,5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება გახდა საქართველოში. ლეტალური დასასრულის მიზეზი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა. დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს კვლევების ჩატარებას.