„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს ზამთრის ორი კურორტი – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, წყალმომარაგების პრობლემის გამო ტურისტების ნაწილმა კურორტები უკვე დატოვა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად, ეკატერინე გალდავას ნაცვლად, გრიგოლ მანდარია დაინიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

ბაკურიანსა და გუდაურს ტურისტები ტოვებენ - კურორტებზე კვლავ არ არის წყალი

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცნობით, გრიგოლ მანდარია 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა წყალმომარაგების დეპარტამენტს სემეკ-ში, 2019 წელს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად დაინიშნა წყალმომარაგების საკითხებში.

„გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში“, – განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას.

საქართველოს ზამთრის ორი კურორტი – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. 4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, თუმცა უკვე მეორე დღეს დამსვენებლებს ისევ შეექმნათ პრობლემა. როგორც „წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიაში“ განმარტეს, წყლის პრობლემა კურორტებზე თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება.

წყალი გუდაურში მხოლოდ კომპლექს Redco Georgia-ს მიეწოდება და ისიც ხარვეზებით. ბაკურიანში კი წყალს აბონენტების მხოლოდ 10% იღებს. ვითარების გამოსასწორებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.