საქართველოს საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძის შეწყალება მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც კათალიკოს–პატრიარქი სამკურნალოდ იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik.  დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, რომელსაც საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და სასურველი იქნებოდა, განაცხადა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს პრეს–მდივანმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, სიაში არ აღმოჩნდა მამალაძე. თუმცა წმინდა სინოდმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით 8 ნოემბერს მიმართა.

საპატრიარქოში საჯარო განცხადების გაკეთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისაღები, სასურველი იქნებოდა, გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა. ჩვენ ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ ამ ფაქტორს, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და, ჩვენი აზრით, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა ეს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ. 

რას აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით

ამასთან, როგორც ადრე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. პრეზიდენტმა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყალების გამკაცრებული კრიტერიუმების პირობებში მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამონაკლისი უნდა დაშვებულიყო, მაშინ, როდესაც ბევრი მსჯავრდებულის საქმის გადახედვა ვერ მოხდა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.