თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით და მოქალაქეთა ინფორმაციით, ქალაქებში დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი სულეიმანი მოკლეს. ის დაიღუპა სარაკეტო დაბომბვის შედეგად, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა და რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. სულეიმანი უცხოეთში ირანის შეიარაღებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი და ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო.
გენერლის მკვლელობა: ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ზე შურისძიების პირობას დებს >>
3 იანვარს თეირანში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რათა აშშ-ის მოქმედებები დაეგმო და სულეიმანის მკვლელობა ეგლოვა.
თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.
მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც.