სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გასული 2019 წელი და განვლილი მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა. მან ახალი წელი განსაკუთრებით მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, ხელოვნების და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს, ემიგრანტებს და სამხედრო მოსამსახურეებს.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი 2020 წელი მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა გასული 2019 წელი და განვლილი მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა.

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და სიმშვიდეს თქვენს ოჯახებსა და ქვეყანაში! 2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით და ამ ერთიანობით მიღწეული შედეგით! ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს ის მოვლენაა, რომელზეც ამ ახალ წელს უნდა დავფიქრდეთ და დავიჯეროთ, რომ სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე 2020 წელს დადგება.

„ვისურვებ, რომ დამდეგი ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილისა და დამცირების ენის გამოყენებისგან, რამეთუ ეს უარყოფითი ენერგია უკვე საკმარისად დაგვიბრუნდა. ვისურვებ, რომ 2020 წელი იყოს არაადამიანთა გატაცებების წელი, არამედ გაიხსნას გამშვები პუნქტები და არ შეფერხდეს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის გამთლიანებამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ახალი წელი განსაკუთრებით მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, ხელოვნების და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს, ემიგრანტებს და სამხედრო მოსამსახურეებს.

ღარიბაშვილმა ქართველ სამშვიდობოებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა >>

„ჩვენ გვაქვს რწმენა საქართველოს თავდაცვის ძალების, ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავდადებითა და პროფესიონალიზმით ქვეყანას აძლიერებენ, უცხოეთში კი ასეთივე თავდადებითა და პროფესიონალიზმით გვასახელებენ!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლოს კი მან ახალი წელი მიულოცა ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ცხინვალის ციხიდან. ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის იყო დაკავებული.