თბილისი, 31 დეემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 2019 წელს მიღებულ ყველაზე მნიშვნელოვან კანონპროექტებზე ისაუბრა.
პარლამენტმა ერთ წელიწადში ჩაატარა 67 პლენარული სხდომა, მიიღო 402 კანონი და 1241 დადგენილება, ასევე მოახდინა 61 საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება.
თალაკვაძემ განსაკუთრებით გამოყო ახალი კანონი – ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც ბავშვებისთვის სრულიად ახალ სოციალურ და სამართლებრივ გარანტიებს ქმნის. კოდექსი 2020 წლის 1 ივნისს ამოქმედდება.
გარდა ამისა, მიღებულია შესწორებები, რომლებიც ოჯახური ძალადობისგან უფრო უკეთ იცავს ქალებს, ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებს.
პარლამენტის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით მიიღეს ახალი რეგლამენტი, რომლის ფარგლებში მთავრობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში 13–ჯერ მივიდნენ და დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგნენ.
„მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც უკეთ პასუხობს სოციალურ გამოწვევებს და ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ თავის ვიდეომიმართვაში.
არჩილ თალაკვაძე ჭორებს მისი პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ არ ადასტურებს>>
კანონპროექტის მიხედვით, მომავალ წელს გაიზრდება პენსიები, ექიმების, პედაგოგების, საბავშვო ბაღების აღმზრდელების, სამხედროებისა და პოლიციელების ხელფასები.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3,7 მილიარ ლარზე მეტია გამოყოფილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად – 240 მლნ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობაზე – 131 მლნ ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლის მშენებლობაზე – 122 მლნ ლარზე მეტი. რეგიონები, გარდა მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებისა, დამატებით 350 მლნ ლარს მიიღებენ.
დეპუტატებმა 2019 წელს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაამარტივეს.
„ფართო კონსენსუსით დავამტკიცეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლში ახალი კადრების სამართლიან შერჩევასა და მომზადებას, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და მოსამართლეთა საქმიანობის მეტ დამოუკიდებლობას. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის მიღებას დადებითი შეფასებები მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტმა მიიღო კანონი „მედიაციის შესახებ“, რომლის მიზანია დავების სასამართლოს გარეშე, მედიატორების ჩართულობით გადაწყვეტა.
ელექტროსექტორის გაძლიერებისა და მეტი თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით მიიღეს კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების შესახებ“.
პარლამენტმა ჯერჯერობით პირველი მოსმენით მიიღო ტყის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ტყის ინვენტარიზაციას და საინფორმაციო ბაზის შექმნას, ხეტყის დამზადების ლიცენზიების გონივრულ მართვას, ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობას.
საქართველოს პარლამენტმა სამი წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა დაამტკიცა>>
საქართველოს პარლამენტი 2019 წელს მასპიძლობდა და ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოს, ნატოსა და ეუთოს მაღალი დონის კონფერენციებსა და ასამბლეებში.