„112“-ის ყოველთვიური საფასური გაორმაგდა

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები „112“-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს – 40 თეთრს გადაიხდიან.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ყოველთვიური საფასური დღეიდან 40 თეთრი გახდა.

ახალი ტარიფი მთავრობის განკარგულებით დადგინდა. საფასური მოქმედებს როგორც ფიქსირებული, ისე მობილური სააბონენტო ნომრებისთვის.

2020 წლიდან ,,112“-ის მომსახურების საფასურს მოქალაქეების ნაცვლად სახელმწიფო დაფარავს>>

მობილური სააბონენტო ნომრის შემთხვევაში საფასური დაირიცხება თითოეულ ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ხუთ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

საპატრულო პოლიციის „ქოლ-ცენტრი“ რეგიონებსაც მოემსახურება

ფიქსირებული სააბონენტო ნომრის შემთხვევაში კი საფასური ამოქმედდება ნომერზე, რომელსაც ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული, ან არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები „112“-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან. შესაბამისად, იურიდიული პირების მიერ გადახდილი საფასურის ოდენობაც 40 თეთრი იქნება.

საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს.

აქამდე „112“-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20, იურიდიული პირებისთვის კი 50 თეთრი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსაკრებელი არაკონსტიტუციურად ცნო და მიუთითა, რომ ის პარლამენტს უნდა დაედგინა. დეკემბერში კი საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი კანონი მიიღო და დაადგინა, რომ მომსახურების საფასური 20-დან 50 თეთრამდე უნდა იყოს. სწორედ ამის შემდეგ საფასური მთავრობამ 40 თეთრის ოდენობით განსაზღვრა.