1 იანვრიდან  სტადიონებზე სიგარეტის მოწევა იკრძალება

სტადიონების შემდეგ, მომდევნო რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა,  რომლის მიხედვითაც აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის განთავსება გამჭვირვალე ბოქსებში
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. სტადიონებზე 2020 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1 ათასი ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2 ათას ლარს მიაღწევს. 

საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

„თუ ადმინისტრაციამ ყველა ზომას მიმართა და ვერ მოახერხა მოწევის ფაქტის აღკვეთა, ამ შემთხვევაში მან უნდა გამოუძახოს საპოლიციო ძალას და დაჯარიმდება მხოლოდ ფიზიკური პირი. ადმინისტრაციის შემთხვევაშიც პატრული მოდის და ის ახდენს რეაგირებას. ღია მოედანი იქნება თუ სტადიონი, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ამ პირობების დაცვა. თამაშების დროს მობილიზებულია სხვადასხვა კერძო დაცვის სამსახური, ან პატრული და შემდგომ საპოლიციო ძალები ახდენენ ხოლმე მობილიზებას”,- განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.
მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა.

სტადიონების შემდეგ, მომდევნო რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა,  რომლის მიხედვითაც აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის განთავსება გამჭვირვალე ბოქსებში.

2023 წლიდან კი, ნებისმიერი ბრენდის თამბაქო სადა შეფუთვით გაიყიდება, რომელზეც მწარმოებლის კორპორატიული ფერები დატანებული არ იქნება.