პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი გარდაიცვალა

წერედიანის ცნობილ თარგმანებს შორისაა გერმანელი და ფრანგი კლასიკოსების ნაწარმოებები – ბოდლერის ნაწარმოებები, ძმები გრიმების ზღაპრები, გოეთეს „ფაუსტი“.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს მწერალთა სახლის განცხადებაში. 

დასახელდნენ ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატები

საქართველოს ლიტერატურული მოღვაწეების ნაწილმა მთავრობის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნეს და დავით წერედიანის დიდუბის ან მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მოითხოვეს. მიმართვას ხელი მოაწერეს პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ, პოეტმა ლია სტურუამ, მწერალმა კოტე ჯანდიერმა, მუსიკოსმა მანანა მენაბდემ, გამომცემელმა ზვიად კვარაცხელიამ.

„2019 წელი უმძიმესი გამოდგა თანამედროვე ქართული ლიტერატურისათვის. სწორედ წლის მიწურულს დავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა, რომლის შუაგულშიც უთუოდ იგულისხმებოდა ეს უაღრესად თავისებური პოეტი და უდიდესი მთარგმნელი, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით მუდმივად ამდიდრებდა მშობლიურ ქართულ ენას და მის ახალ-ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა გასაოცარი სიზუსტითა და ოსტატობით“, – ნათქვამია წერილში.

დავით წერედიანი მრავალი წელი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან აქტიურად დაიწყო თარგმანებზე მუშაობა.

მის ცნობილ თარგმანებს შორისაა გერმანელი და ფრანგი კლასიკოსების ნაწარმოებები: ბოდლერის ნაწარმოებები, ძმები გრიმების ზღაპრები, გოეთეს „ფაუსტი“. სულ ახლახან მან ბრწყინვალედ თარგმნა ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“. არის ლიტერატურული ესეებისა და რამდენიმე კრებულის ავტორი, ასევე ლიტერატურული პრემია „საბას“ (2012) ლაურეატი.

2014 წელს წერედიანს პრემია „საბა“ გადაეცა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის.