საქართველოს პრემიერმა წლის შედეგები შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე ისაუბრა წარმატებებსა და იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე ქვეყანა დგას.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ერთწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.

პრემიერმა წლის ბოლო მთავრობის სხდომა ჩაატარა.

„სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის... ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ყველაფერი მისაღებია, გარდა ომისა" – საქართველოს პრემიერი

პრემიერის თქმით, ქვეყანას საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ს გადააჭარბა. მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი წლიურ მონაცემებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 14%-ით გაიზარდა. „თუმცა, ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს", – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა დადებითად შეაფასა ტურიზმის სფეროს განვითარებაც. მისი სიტყვებით, ქვეყნის ზამთრის კურორტები – მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი – მზად არიან ტურისტების მისაღებად.

გახარიამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხზეც. მხოლოდ ერთ თვეში 100 ობიექტიდან 28 გაიყიდა. მათი ღირებულება დაახლოებით 45 მლნ ლარს აღემატება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ასევე 2020 წლიდან მიწების სისტემური რეგისტრაციის დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დიდ მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემა სამ წელიწადში მოგვარდება.

2020 წლიდან გაგრძელდება სახელმწიფო პროექტი „აწარმოე საქართველოში". ეს წარმატებული პროექტი, გახარიას თქმით, გავრცელდება რეგიონებში და ხელმისაწვდომი იქნება ყოველი მოქალაქისთვის, რომელიც გადაწყვეტს, გახდეს მეწარმე.

პრემიერის თქმით, ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემის გარეშე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატებას გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა ვერ ექნება.

გახარია: ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტების მზადყოფნა ჩვენი ძირითადი ამოცანაა

„სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2019 წელს დაიწყო, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერს უყურადღებოდ არ დაუტოვებია სამართალდამცველი სისტემის რეფორმაც, რომელიც გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გახარია დარწმუნებულია, რომ კრიმინალის დამარცხებას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების სტანდარტები არ იქნება დაცული.

2020 წელს გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოსა და სამდივნოს მუშაობა.

რაც შეეხება სოციალურ უზრუნველყოფას, გახარიას თქმით, მანამ, სანამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება აუცილებელ დონეს არ მიაღწევს, სახელმწიფო იზრუნებს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 1 იანვრიდან პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე პირები, ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ პენსიაზე 20-ლარიან დანამატს. 70 წელს გადაცილებული პენსიონერები მიიღებენ 30 ლარით გაზრდილ პენსიას.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 70 წელს მიღწეულ მოქალაქეთა პენსია 300 ლარამდე გაიზრდება.

დღეს პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თვეში 200 ლარს იღებენ. სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეების სოციალური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია ქულების ოდენობაზე.

პედაგოგებს, რომლებიც წლის განმავლობაში სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ხელფასს 300 ლარით გაუზრდიან.