თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პარასკევს დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც საახალწლოდ სანქტ-პეტერბურგში ტერაქტების სერიის განხორციელებას აპირებდნენ, იუწყება РИА Новости.
განცხადების თანახმად, ისინი ტერაქტებს ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში გეგმავდნენ. ტერაქტების მომზადების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს აშშ-მა მიაწოდეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა შემდეგი მუხლებით: „ტერორიზმი“, „დანაშაულის მომზადება“ და „მონაწილეობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში“.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც მადლობა გადაუხადა სპეცსამსახურების ხაზით გადაცემული ინფორმაციისთვის, რომლის მეშვეობითაც აღიკვეთა ტერაქტები სანქტ-პეტერბურგში.