მსოფლიო დღეს

აზერბაიჯანის ღია ცა: ავიაკომპანიებს ფასდაკლებებს პირდებიან

აზერბაიჯანი უცხოურ კომპანიებს ახალ რეგულაციებს უწესებს იმ ავიაფრენებისთვის, რომელიც მათ მუშაობაში უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნის
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის ყველა საერთაშორისო აეროპორტში ახალი წლიდან საჰაერო სივრცის თავისუფლების მეხუთე და მეშვიდე ხარისხის რეჟიმები ამოქმედდება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული სიახლე აზერბაიჯანის აეროპორტებიდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ფრენების შესაძლებლობას იძლევა.

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენების აკრძალვით მიღებული ზარალი დაითვალეს >>

საჰაერო სივრცის თავისუფლების მეხუთე ხარისხი საშუალებას აძლევს უცხოელ ავიაგადამზიდავებს თვისი აეროპორტიდან რეისები სხვა ქალაქებში განახორციელონ აზერბაიჯანის რომელიმე აეროპორტში გაჩერებით, რა დროსაც მგზავრები ჩასხდომას ან ჩასვლას შეძლებენ. ანუ, ევროპის ავიაკომპანიები შეძლებენ რეისების განხორციელებას ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან მაგალითად, ტოკიოს მიმართულებით, აზერბაიჯანის აეროპორტებში გაჩერებით. იაპონური გადამზიდავებიც ასევე შეძლებენ ევროკავშირის მიმართულებით რეისების განხორციელებას აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტებში გაჩერებით.

თურქული ავიაკომპანია სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

თავისუფლების მეშვიდე ხარისხი საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს ფრენები აზერბაიჯანსა და უცხო ქვეყნებს შორის ბაზირების აეროპორტში შუალედური დაშვების გარეშე განახორციელონ. მაგალითად, ევროპული ავიაკომპანია ჩაფრინდება აზერბაიჯანში დუბაიდან და მიჰყვება მარშრუტს აშშ-ის მიმართულებით თავის ქვეყანაში დაშვების გარეშე.

ამავე დროს, ავიაკომპანიებს შეეძლებათ თავისუფალი კომერციული საქმიანობის განხორციელება ყველა მიმართულებით, მათ შორის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ადრე, მსგავს ფრენებზე ნებართვა ინდივიდუალური წესით გაიცემოდა.

2020 წლის 1 იანვრიდან ასეთი პირობები იმოქმედებს იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იფრენენ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 40 ქვეყანაში.

თბილისის შემდეგ ქუთაისი - Ryanair-ი რეისების რაოდენობას ზრდის >>

ახალი წესების თანახმად, ყველა უცხოურ ავიაკომპანიას, რომელსაც სურს ფრენების განხორციელება აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, ექნება იგივე უფლებები, რაც ეროვნულ ავიაგადამზიდავს.

„ეს გაზრდის უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესებას აზერბაიჯანის მიმართულებით ფრენების მიმართ, გაუხსნის მათ ახალ ბაზრებს და ასევე საშუალებას მისცემს მათ მნიშვნელოვნად გაზარდონ მგზავრების ნაკადი და ტურისტებისთვის მიმზიდველობა”, - მიიჩნევენ AZAL-ში.

რუსეთთან ავიამიმოსვლა აღდგება? ბურჯანაძე მოსკოვში ანდრეი რუდენკოს შეხვდა

გარდა ამისა, ახალი ავიაკომპანიების გაჩენა უფრო მეტ შესაძლებლობებს შეუქმნის აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული ქვეყნების მიმართულებებით პირდაპირი ფრენების დიდი არჩევანი ექნებათ.

დღეს ავიაკომპანიებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ მგზავრების გადაყვანა ბაქოდან საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სერბეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ფინეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, ესტონეთში, ირლანდიაში, ისლანდიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, მაკედონიაში, მალტაში, ბულგარეთში, საქართველოში, აშშ-ში, იაპონიაში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, კამბოჯაში, მიანმარში, ბანგლადეშში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიასა და ავსტრალიაში. მომავალში, ქვეყნების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

გარდა ამისა, ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც აპირებენ ფრენის განხორციელებას აზერბაიჯანში, მომსახურებაზე ფასდაკლებას რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ. პირველ წელს ფასდაკლება იქნება 100%, შემდეგ წელს - 70%, შემდეგ 50%, ხოლო მეოთხე წელს - 30%, მაგრამ ფრენებისა და სამგზავრო ნაკადის ზრდასთან ერთად, ფასდაკლების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს.