მაქსიმ ოგნენნი
სანამ აფორიაქებული საზოგადოება ნელ-ნელა გამოდის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან რუსი სპორტსმენების მოხსნის შესახებ ბოლო განცხადებებით მოგვრილი შოკიდან, სპორტის განსაკუთრებულად დაკვირვებული ქომაგები ცდილობენ გაერკვნენ, რა არის დამოუკიდებელი ორგანიზაციის რუსი ათლეტებისადმი ესოდენ ურყევი „სიყვარულის“ მიზეზი.
სპორტული საზოგადოების მსოფლიო შეთქმულებისა და პოლიტიკური მოტივების შესახებ პირველი ვერსიები საკმაოდ სწრაფად იყო გააზრებული და აღწერილი მრავალრიცხოვან მედიასაშუალებაში. მათზე შეჩერებას აზრი არ აქვს.
ერთ-ერთი ბოლო, ყველაზე მეტად საინტერესო ვერსია ისაა, რომ WADA-ს მსგავსი ორგანიზაციის შექმნით დიდად იყო დაინტერესებული დიდი ბრიტანეთი. დიახ, როგორც უნდა მოულოდნელად ჟღერდეს, ასეთი თეორიებიც არსებობს. და ისინი აზრს მოკლებული არ არის.
უპირველესად, ყურადღება უნდა მიექცეს ორგანიზაციის პრეზიდენტ კრეიგ რიდის ფიგურას. ბრიტანელი სპორტული ფუნქციონერი, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის წევრი WADA-ში თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა — სოჭის ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე. ვინ იცის, იქნებ ახალ ადგილზე პირველი წარმატებები მან სწორედ რუსეთში წარმოაჩინა. და თუ თავად პრეზიდენტის ფიგურა თქვენთვის საკმარისი არ არის, შეგვიძლია მოვიხმოთ სტატისტიკა, რომელიც, როგორც ცნობილია, იშვიათად ცდება.
ქვემოთ გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ნაჩვენებია ბრიტანელი სპორტსმენების შედეგები 5 ოლიმპიადაზე WADA-ს შექმნამდე და მას შემდეგ.
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
თუ WADA-ს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ 11 ოქროს მედალზე თვალს დავხუჭავთ, შეუძლებელია ვერ შევნიშნოთ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე აღებული 27 მედალი 1996 წელს ატლანტაში აღებული ერთი მედლის ფონზე, რაც უკვე იწვევს გარკვეულ შეკითხვებს. ასევე შეუძლებელია ყურადღება არ მიექცეს იმას, რომ თუ 2000 წლამდე დიდი ბრიტანეთი მაქსიმუმ მეცხრე ადგილს იკავებდა — და ეს შორეულ 1980 წელს იყო, უკვე 2012-ში ისინი მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ, ხოლო 2016-ში — მეორეზე... თავისთავად ჩნდება კითხვა: ხომ არ იჩენს მიკერძოებას მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო?
რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს ყველაფერი მხოლოდ დამთხვევა იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ ობივატელებს არაფერი რჩებათ სხვადასხვა ვარაუდების აგების გარდა რუსების მიმართ ალოგიკური და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ბრალდებების ფონზე.
არანაკლებ საინტერესოა როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და WADA-ს რეაქცია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. არადა, მოვლენები ამასობაში საკმაოდ სწრაფად და არაპროგნოზირებადად ვითარდება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეაქცია შეგვიძლია მოსალოდნელად შევაფასოთ: დავიცვათ სპორტსმენების ღირსება და უფლება, უახლოეს ოლიმპიადაზე საკუთარი დროშითა და ჰიმნით გამოვიდნენ. ყველაფერი ლოგიკურია. მაგრამ არსებობს კითხვა: როგორ დავიცვათ?
ომში ყველა საშუალება კარგია. ამიტომ სანამ ქვეყნის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები „რუსადასთან“ ერთად სხვადასხვა კონფერენციებზე, შეხვედრებსა და კრებებზე წყვეტდნენ, როგორ შეიტანდნენ სარჩელებს, ან შეიტანდნენ თუ არა საერთოდ და რა რაოდენობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
მათი ინფორმაციით, მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ექს-ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა WADA-ს სპორტსმენების მონაცემთა ბაზის ალტერნატიული ვერსია გადასცა, რომლის ნამდვილობაც არ იყო შემოწმებული და დადგენილი. გარდა ამისა, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების ბაზაზე დისტანციურად ხელი მიუწვდებოდათ აშშ-დან და ასევე გერმანიიდან. ასე რომ, ამ გზითაც შეიძლებოდა გარკვეული ცვლილებების შეტანა დოპინგზე შემოწმების შედეგებზე.
WADA-ს კომენტარი საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაზე სასაცილომდე ბანალური იყო. მასმედიის ყველა შეკითხვას ისინი პასუხობდნენ შაბლონური ფრაზით იმის შესახებ, რომ მათგან ყველა ინფორმაცია დეკემბრის დასაწყისში იყო წარმოდგენილი და დამატებითი განმარტებები არ იქნება.
თუ რუსეთის ფედერაციის ნაბიჯებს დავუბრუნდებით, ისინი ჯერჯერობით კოორდინირებულად გამოიყურება, რაც მნიშვნელოვანია. რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები მზად არიან, WADA-სთან კამათში მესამე პირად გამოვიდნენ „რუსადასა“ და CAS-ის მხრიდან. საქმე „რუსადას“ საბოლოო გადაწყვეტილებაზეა, მაგრამ უკვე ახლა შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ამ სკანდალურ პროცესში წერტილი მომავალი წლის გაზაფხულამდე არ დაისმება — როცა თამაშებამდე რამდენიმე თვე იქნება დარჩენილი, ხოლო სპორტსმენებს ჯერაც არ ეცოდინებათ, რჩებათ თუ არა შანსი მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე გამოსასვლელად.