თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის კონსულმა ლიპეცკის ოლქთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე მოინახულა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხუთი დაშავებულიდან სამი უკვე გაეწერა სამედიცინო ცენტრიდან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარია ხუთშაბათს ლიპეცკის ოლქის სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტ იარკინოს მახლობლად მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, ლიპყინულისა და ცუდი ხილვადობის გამო მოცურდა და გადაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ 17 მგზავრი, მათ შორის ბავშვი, და ორი მძღოლი იმყოფებოდა. დაიღუპა ორი მამაკაცი. დანარჩენმა მგზავრებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს, მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რუსეთში, ქალაქ ლიპეცკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მოქალაქეების საქართველოში გადმოყვანის მიზნით ორი ავტობუსი გაგზავნა.
საქართველოს ინტერესების სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან, სადაც მოათავსეს დაშავებულები.
ამოქმედებულია „ცხელი ხაზი": +79269262740.