საახალწლო ნაძვის ხის საქმემ პროკურატურაში გადაინაცვლა – ოპოზიციამ სარჩელი შეიტანა

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ოთხშაბათს საზეიმოდ აინთო, ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობებისა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მორიგი უკმაყოფილების საგანი გახდა.
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საქართველოს პროკურატურაში თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ ორი სარჩელი დაარეგისტრირეს, რომელთაგან ერთი ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს ეხება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

განცხადებები ეხება თბილისის მერიის საახალწლო ხარჯებსა და ვაკის რაიონში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციას.

„ნაცმოძრაობის" დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხის ვიზუალი არ შეესაბამება მასში გადახდილ თანხას – ერთ მილიონ ლარს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი მილიონი ლარი გადახდილია ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულება, ალბათ, არ აღემატება 100 ათას ლარს. ამიტომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს საბიუჯეტო სახსრები", – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კალაძე თბილისელებს ჰპირდება, რომ გაისად ცოცხალ ნაძვის ხეს ნორვეგიიდან ჩამოიტანს

გარდა ამისა, ოპოზიციას პრეტენზიები აქვს სკამების შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე უნდა დაიდგას. დეპუტატის თქმით, სატენდერო დოკუმენტაცია მიზანმიმართულად იტალიურ კომპანიაზეა მორგებული.

„ერთ ცალ სკამში კალაძე გადაიხდის 12 ათას ლარს და ეს ტენდერი პირდაპირ მორგებულია უკვე იტალიურ კომპანიაზე, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში თანდართული ფოტოები აღებულია იტალიური კომპანიის საიტიდან, რომელსაც ექსკლუზივი აქვს ამ სკამების წარმოებაზე", – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი სიტყვებით, ქართული წარმოების ანალოგიური დიზაინის სკამები დაახლოებით 600 ლარი ღირს.

პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ პარასკევს საკრებულოს სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა, რომელზეც თბილისის მერი დეპუტატების წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს.

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ოთხშაბათს საზეიმოდ აინთო, ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობებისა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მორიგი უკმაყოფილების საგანი გახდა. ახალი წლის მთავარ სიმბოლოსთან დაკავშირებით განხილვა სოციალურ ქსელში ამ დრომდე არ წყდება.

წელს საახალწლო ნაძვის ხე კახა კალაძემ იტალიაში თავად შეარჩია. როგორც მან აღნიშნა, ეს არის მსოფლიო ტრენდი – ცოცხალ ნაძვის ხესთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ხელოვნური ნაძვის ხის არჩევა.