ბათუმში ნაძვის ხე აღარ აანთეს და კონცერტიც გააუქმეს

ბათუმში დღევანდელი საზეიმო ღონისძიებები ჩაიშალა, მერიის შემდგომი გეგმები მოგვიანებით გახდება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო გარემოში ანთება ავტოსაგზაო შემთხვევისას ხუთი ახალგაზრდის დაღუპვის გამო გადადეს.

დაღუპულები სკოლის მოსწავლეები არიან - აჭარაში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები >>

ავარია დღისით მტირალას ეროვნული პარკის მახლობლად, სოფელ ჩაქვისთავთან მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, შეჯახების შემდეგ მსუბუქი მანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანის ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

„დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები“, - აღნიშნულია ბათუმის მერიის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბათუმში ნაძვის ხე აღარ აანთეს და კონცერტიც გააუქმეს

წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

„ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის შესაძლოა უცხოელი ტურისტებიც ყოფილიყვნენ. მოგვიანებით მასმედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ხუთივე დაღუპული - სკოლის მოსწავლე იყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“. დამნაშავეს ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.