მისი ღვაწლი შეუფასებელია – ილია მეორეს ქვეყანაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. 

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა

დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია გაიმართა. ღვთისმსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42 წლისთავს. თქვენ გახსოვთ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, რამდენი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ.

მისი სიტყვებით, რთულ დროში საქართველოსთვის მთავარი ნუგეში ეკლესია და მისი უწმინდესობა იყო.

„ჩვენი ქვეყანა ბედნიერია, რამდენადაც მას ჰყავს ასეთი სულიერი მამა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას (ილია მეორეს) ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ მთელ საქართველოს და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, რათა კიდევ მრავალი წელი იყოს ჩვენი ქვეყნის მწყემსი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, ბოლო 42 წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი სირთულე გამოიარა, მაგრამ ილია მეორის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებული მოვიდა. 

„მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს“ – რომის პაპი ილია მეორეს ვატიკანში იწვევს

„შეუძლებელია შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში“, – აღნიშნა პრემიერმა.

დღევანდელი დღე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც.

„მინდა თავმდაბლად მივულოცო მას და ვუსურვო დღეგრძელობა. იყო წლები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ინგრეოდა, ინგრეოდა ის, რაც წლების განმავლობაში ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა, იყო ძმათა შორის დაპირისპირება, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანასაც გადმოეცა ახალი იმედი, ახალი რწმენა, დაიწყო სახელმწიფომ გზების და ხიდების შენება და პატრიარქიც აშენებდა ხიდებს ადამიანებს შორის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში მოქმედი მხოლოდ 48 ტაძარი იყო, ახლა კი მათი რიცხვი დაახლოებით ათასია.

სწორედ ილია მეორის პერიოდში აშენდა ახალი სასულიერო დაწესებულებები, მათ შორის, თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში აშენდა ყველაზე დიდი ტაძარი საქართველოში – წმინდა სამების ტაძარი.