ჩვენი ინტუიციისა და გრძნობების წყარო – ბროშებში ნაპოვნი ბავშვობა

მინდა ეს ბავშვი ყველა თქვენგანში მოვძებნო, გარეთ გამოვიყვანო და გულზე დაგაბნიოთ – ასე აგვიხსნა თავისი საინტერესო საქმიანობის არსი ქალბატონმა მარიამ თავაძემ.
Sputnik

პროფესიით გარემოს დამცველმა, საკუთარ ბავშვობაში დასაბრუნებლად თავისი გზა იპოვა. არც ისე დიდი ხანია, რაც მან თოჯინა-ბროშების დამზადება დაიწყო. დღეს შეკვეთებს უფრო მეტად უცხოეთიდან იღებს. ცოტა ხნის წინ კი ქართულ ბაზარზეც გამოჩნდა.

ჩვენი ინტუიციისა და გრძნობების წყარო – ბროშებში ნაპოვნი ბავშვობა

- ქალბატონო მარიამ, ალბათ ამ საქმემ რომ გაგიტაცათ, ამას თავისი ახსნაც ექნება, ასეა?

- თოჯინების კეთება ჩემი ჰობია და სამი წელია, რაც ეს საქმიანობა დავიწყე. თოჯინების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომყვება და ამას თავისი ახსნა აქვს. სულ მინდოდა თოჯინებით თამაში, მაგრამ დედა ამისთვის ცოტა დროს მაძლევდა და მეუბნებოდა, შენი თოჯინები წიგნებიაო. ამიტომ ვიყავით ასე: მე წიგნებთან და თოჯინები – თაროზე. თოჯინების მიმართ ამ სიყვარულმა და მათთან თამაშის დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ, როგორც ჩანს, დიდობაში იჩინა თავი და პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში ამ ფორმით "თამაში" დავიწყე.

ჩვენი ინტუიციისა და გრძნობების წყარო – ბროშებში ნაპოვნი ბავშვობა

- პირველი თოჯინა ვისი პროტოტიპი იყო?

- პირველი თოჯინა იყო ჩემი მეუღლე, რომელსაც ის დაბადების დღის საჩუქრად გავუკეთე. როცა თავისი თოჯინური ორეული დაინახა, გაოცდა, მაგრამ დიდად არ აღფრთოვანებულა. ამას სხვა თოჯინებიც მოჰყვა. ჩემი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით მიყვარს ტყუპი და-ძმა, მზის შვილები (ბავშვები დაუნის სინდრომით), რადგან მათგან საოცრად დიდი სითბო მოდის...

ჩვენი ინტუიციისა და გრძნობების წყარო – ბროშებში ნაპოვნი ბავშვობა

- მოგვიანებით თოჯინა–ბროშებზე გადახვედით...

- როგორც გითხარით, თოჯინების კეთება სამი წლის წინ დავიწყე, თოჯინა–ბროშების იდეა მოგვიანებით გაჩნდა, სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც მათ ვაკეთებ. ჩემი დამკვეთები როგორც ზრდასრული ქალბატონები, ასევე ახალგაზრდა გოგონები არიან. თავიდან ბროშებს მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებდი და მეგობრების წრეში თავს ვიწონებდი. სიმართლე გითხრათ, ისინი გასაყიდად მენანებოდა. ბოლო დროს როცა დაინტერესება უცხოეთიდანაც გაჩნდა, შეკვეთებზე მუშაობა დავიწყე. ასე რომ, ჩემი თოჯინა-ბროშები ძირითადად საზღვარგარეთ იყიდება, ქართულ ბაზარზე კი ახლა ვიწყებ შესვლას.

ჩვენი ინტუიციისა და გრძნობების წყარო – ბროშებში ნაპოვნი ბავშვობა

- რა დროს ანდომებთ მათზე მუშაობას?

- იქიდან გამომდინარე, რომ გურული ვარ და სულ მეჩქარება, ერთი სული მაქვს, რომ შედეგი რაც შეიძლება მალე ვნახო. თუმცა საქმე ამის საშუალებას არ იძლევა – თითო ბროშს ოთხ-ხუთ დღეს ვანდომებ. თოჯინას კი თვე-ნახევარი სჭირდება. ბროშების ნაწილი დღეს უკვე გაყიდულია.

ჩვენი ინტუიციისა და გრძნობების წყარო – ბროშებში ნაპოვნი ბავშვობა

- პროფესიით გარემოს დამცველი ხართ და ამის გათვალისწინებით რაიმე სიმბოლურ თოჯინას როგორს დაამზადებდით?

- საინტერესო კითხვაა... ალბათ გავაკეთებდი ასე: დედამიწის სახით ძალიან საყვარელ ბავშვს, ამომავალი მზის ფერი ლოყებით და ოკეანის ფერი თვალებით. იმ ბავშვს ატირებული და მოწყენილი სახე ექნება, რადგან ჩვენგან შველას, მოვლასა და გაფრთხილებას ითხოვს.

- როგორია თოჯინა-ბროშებში ნაპოვნი ბავშვობა?

- არანაირი სპეციალური განათლება არ მაქვს მიღებული ხელოვნების დარგში. ეს საქმე უზომო ბედნიერებას მანიჭებს და ავსებს ჩემს ცხოვრებას, თითქოს რეალობიდან გაქცევა და ბავშვობაში დაბრუნებაა. ბავშვობა კი, მოგეხსენებათ, ყველაზე სანუკვარი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. იქ დასაბრუნებლად მე ჩემეული გზა ვიპოვე. ბავშვობის ამ გზის პოვნაში ქალბატონები ნანა ყაულაშვილი და იულია სოროკინა დამეხმარნენ, ამისთვის მათი მადლიერი ვარ.

- თქვენ ახსენეთ, რომ „ყველა ჩვენგანშია ბავშვი, რომელსაც სადღაც კუნჭულში ვაყენებთ”. როგორია ბავშვი, რომელიც დღემდე ცხოვრობს თქვენში?

- დიახ, ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი, ეს "შინაგანი ბავშვი“ ადამიანის ზრდასთან ერთად მივიწყებულია და სადღაც კუთხეშია. არადა, ის ჩვენი პიროვნების ძალიან ღირებული ნაწილია. სულ მინდა, რომ ეს ბავშვი მოვძებნო, გარეთ გამოვიყვანო და თქვენ გულზე დაგაბნიოთ. ჩვენი ფსიქიკის ეს "ბავშვური ნაწილი“ საშუალებას გვაძლევს, რომ სიხარული, სიამოვნება და შემოქმედებითი აღმაფრენა განვიცადოთ. "ჩემი შინაგანი ბავშვი" ძალიან მხიარული და  მოსიყვარულეა. ის სამყაროს უკეთ აღქმაში მეხმარება და ჩემი ინტუიციისა და გულწრფელი გრძნობების წყაროა...