თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რუსული ანტიდოპინგური სააგენტოს (РУСАДА) წევრთა საერთო კრება არ დაეთანხმა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტის (WADA) გადაწყვეტილებას, განაცხადა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა.
WADA-ს აღმასკომმა 9 დეკემბერს რუსეთს ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება და მათი გამართვა აუკრძალა. მსხვილ ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ნეიტრალური სტატუსის მქონე „სუფთა“ სპორტსმენები, დროშისა და ჰიმნის გარეშე.
„საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება – არ დაეთანხმოს WADA-ს გადაწყვეტილებას და РУСАДА-ს ხელმძღვანელს იური განუსს დაავალა 27 დეკემბრისთვის გაიგზავნოს წერილი უთანხმოების შესახებ და დამტკიცდეს შვეიცარიული იურიდიული კომპანია Schellenberg Wittmer. 27 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს უფლებამოსილება და მინდობილობები РУСАДА-ს მიერ CAS-ში წარსადგენად“, - ციტირებს პოზდნიაკოვს РИА Новости.
პროცედურის თანახმად, თუ РУСАДА არ ეთანხმება WADA-ს გადაწყვეტილებას, სააგენტოსგან შეტყობინების მიღებიდან 21 დღეში წერილობით უნდა შეატყობინოს WADA-ს. ამის შემდეგ WADA ამის შესახებ შეატყობინებს CAS-ს, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას გამოიტანს.