თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი საქართველოს შეიძლება 2020 წლის გაზაფხულზე ეწვიოს, განაცხადა საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო>>
გარდა ამისა, 2020 წლის თებერვალში ანკარაში საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მაღალი დონის სხდომა გაიმართება.
„ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, რომ, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული, ხოლო ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, თურქეთი არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელია, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველმხრივ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას", – განაცხადა ჯანჯღავამ.
დღეს თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მერვე შეხვედრა მიმდინარეობს.