გიორგი გახარიამ და მევლუთ ჩავუშოღლუმ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს

გიორგი გახარიამ და მევლუთ ჩავუშოღლუმ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით კმაყოფილება გამოთქვეს.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მერვე შეხვედრა, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს. 

თბილისში დღეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

საქართველოს მთავრობის მეთაურისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება.

საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის, სამხრეთის გაზის დერეფანს, რომლის ნაწილის – ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ინაუგურაცია თურქეთში ახლახან გაიმართა, ასევე ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

შეხვედრისას აგრეთვე აღინიშნა კულტურის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ხაზგასმაა.

თბილისში ამ წუთებში იმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების – მევლუთ ჩავუშოღლუს, ელმარ დამედიაროვისა და დავით ზალკალიანის რიგით მერვე შეხვედრა. სამმხრივ შეხვედრაზე ქვეყნების პირველი დიპლომატები განიხილავენ რეგიონული დღის წესრიგის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე პროექტებს, რომლებსაც ეს ქვეყნები ახორციელებენ. 

ერდოღანი საქართველოს ეწვევა

განსახილველ თემებს შორის იქნება პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული სფეროს საკითხები.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისთვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული მოქმედებები.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2012 წლიდან მოყოლებული წელიწადში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონულ საკითხებს.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის თურქული მხარის თხოვნით გადაიდო.

წინა სამმხრივი შეხვედრა 2018 წლის 29 ოქტომბერს სტამბულში გაიმართა.