ცოტნე გამსახურდიას საქმის ფიგურანტი: „ამ ბიჭებს არ მიუყენებიათ დანით ჭრილობა...“

სოლოღაშვილი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული აფექტში ჩაიდინა და დანარჩენ ბრალდებულებს გამსახურდიასთვის დანით ჭრილობა არ მიუყენებიათ.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. მიმდინარეობს ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმის სასამართლო პროცესი, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გიორგი სოლოღაშვილი აცხადებს, რომ დამნაშავეა და ბრალს აღიარებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რატომ დაჭრეს ცოტნე გამსახურდია: ცნობილი ხდება ახალი ვერსიები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, როდესაც ცოტნე სახლიდან გამოვიდა, მას რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი, აქედან ორს ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო სამს -  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

სოლოღაშვილი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული აფექტში ჩაიდინა და დანარჩენ ბრალდებულებს გამსახურდიასთვის დანით ჭრილობა არ მიუყენებიათ. მისი განცხადებით, მასსა და ცოტნე გამსახურდიას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარიმართა, რის შემდეგაც თავად ცოტნე გამსახურდიამ ფიზიკური შეურაცხყოფა პირველმა მიაყენა.

„მე და ცოტნეს შორის შელაპარალება მოხდა. რის შემდეგაც თავი ავარიდე, სახლისკენ მოვდიოდით მე, ჩემი ძმა, ტატო. დამეწია გზაში ცოტნე გამსახურდია და დამარტყა ხელი, რისშემდეგაც - მე სასაფლაოზე ღვინო მქონდა წაღებული, დანაც მქონდა, რომელიც აფექტში ამოვიღე და მე მივაყენე ჭრილობები დანით. ამ ბიჭებს არ მიუყენებიათ დანით ჭრილობა. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ დანაშაულს, - განაცხადა გიორგი სოლოღაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს. ცნობილია, რომ პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც დაზარალებულად უკვე ცნეს, ხეჩინაშვილის სახელობის კლინის რეანიმაციის განყოფილებაშია. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.