ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმე: ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გათავისუფლდა

პროკურატურა აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, თორნიკე ქვათაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე, ხოლო მისი ადვოკატი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდება.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი -  Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცოტნე გამსახურდიას საქმის ფიგურანტი: „ამ ბიჭებს არ მიუყენებიათ დანით ჭრილობა...“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. დაშავებული  ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.  მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე იმყოფებდა და ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა განსაზღვრა ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაკავებულთაგან ორ პირს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ბრალდება დაუმძიმდათ. მათ ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ხოლო დანარჩენ სამ პირს - პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

რატომ დაჭრეს ცოტნე გამსახურდია: ცნობილი ხდება ახალი ვერსიები

სოლოღაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს სრულად აღიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბრალდებული პირი ცოტნე გამსახურდიას მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, თორნიკე ქვათაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე, ხოლო მისი ადვოკატი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდება.

რაც შეეხება ტატო ღარიბაშვილს, მისი ადვოკატის, რომან ნადირაძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დაცვის მხარე არ გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.