რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი და საამაყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სულ უფრო პრობლემური ხდება.
Sputnik

პროგრამას ყოველწლიურად მილიონობით ლარი აკლდება და დამტკიცებული ბიუჯეტისთვის თანხის დამატება ხდება საჭირო. კერძოდ, 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 754 მილიონიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 80 მილიონ ლარს მიაღწია; 2018 წელს 713 მილიონიან ბიუჯეტს სამინისტრომ კიდევ 43 მილიონი ლარი დაამატა; 2017 წელს 660 მილიონიან ბიუჯეტს 40 მილიონი დაამატეს; 2016 წელს 570 მილიონიან ბიუჯეტს სამინისტრომ კიდევ 53 მილიონი ლარი დაუმატა; 2015 წელს 470 მილიონიან ბიუჯეტს მთავრობამ 100 მილიონი ლარი დაამატა; 2014 წელს 200 მილიონიან ბიუჯეტი იყო, გაწეულმა ხარჯებმა კი 338 მილიონი შეადგინა. სულ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში წარმოქმნილმა დეფიციტმა 360 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

რა კავშირშია ლარის კურსის ცვლილება მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებასთან

ამ ფონზე მთავრობამ გადაწყვიტა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ახალი რეგულაცია დაუწესოს. 21 ნოემბრიდან ამოქმედდა მთავრობის №520 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის დადგენილებაში ცვლილებების შესახებ. ამ დადგენილების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა ერთიანი ტარიფები – რა ფასადაც პროგრამაში ჩართული კლინიკები პაციენტებს უნდა მოემსახურონ. მარტივად რომ ვთქვათ, თბილისში იქნება თუ რეგიონში, ერთსა და იმავე მომსახურებაზე კლინიკა ერთნაირ თანხას მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან. რადგან ხარჯების შემცირება მნიშვნელოვანია, უმეტეს შემთხვევებში ახალი ტარიფები მანამდე არსებულ საშუალო ტარიფებზე ნაკლებია.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ 520-ე დადგენილება ძალაში შევიდოდა, მთავრობის ინიციატივა კლინიკებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ახალი ტარიფები კლინიკის მიერ გასაწევ ხარჯებს ვერ ფარავს და, შესაბამისად, კლინიკები იძულებული გახდებიან საერთოდ დატოვონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

ლარიზაციის გეგმა და შედეგი - მთავრობა რეგულაციის შერბილებას აპირებს

„სახელმწიფოს მიერ დადგენილი დაფინანსების ახალი სისტემა ნაჩქარევად არის მიღებული. რეგულაცია აუცილებელი იყო, მაგრამ სერვისის თვითღირებულებაზე ნაკლები თუ იქნა დაფინანსება, მაშინ ბევრი კლინიკა დაიხურება“, – აცხადებდა დადგენილების ძალაში შესვლამდე კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ინვენტარის ყიდვა დოლარში უწევთ და ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად გაუზარდათ ხარჯი, ასევე კომუნალური გადასახდელების გაძვირებაც მძიმე ტვირთად დააწვა კლინიკებს.

„ორკამერიანი დეფიბრილატორის რეალური ფასი 15 000 ლარია, სახელმწიფოს მიერ კი შეფასებულია 11 500 ლარად. აორტოკორონალური შუნტირება ჩვენს კლინიკაში ღირდა 12 500 ლარი, ახლა 8 500 ლარი გახდა. ზოგ შემთხვევაში არსებული 12 500 ლარიც არ გვყოფნიდა. ეს ოპერაცია მომგებიანი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც თვეში 40 ოპერაციაზე მეტი კეთდებოდა. მაგრამ პატარა კლინიკებისთვის, რომლებიც თვეში 20 ოპერაციას აკეთებენ, ეს მომგებიანი არ არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მთავრობის ინიციატივის ამოქმედების შემდეგ კი ტენდენცია ნათლად გამოიკვეთა.

რატომ ვერ ითვისებს მთავრობა ბიუჯეტს და რატომ იღებს დამატებით ვალს

„520-ე დადგენილების გამო შოკში ვართ და ჯერ ვერ გამოვსულვართ ამ შოკიდან, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული იყო და გვიხაროდა, რომ როცა ავადმყოფი მწვავე ინფარქტით შემოდიოდა, უფულობის გამო უარს არ ვეუბნებოდით და ვუკეთებდით ყველაფერს, რაც საჭირო იყო. ამ 520-ე დადგენილებით კი შოკში ჩაგვაგდეს და ისე ჩაგვაგდეს, რომ ვერ ვაზროვნებთ. კლინიკის დირექტორები ყოველ საღამოს ვხვდებით ერთმანეთს და ვეკითხებით - რა ვქნათ, როგორ აკეთებთ ოპერაციებს?.. ჩვენ ექიმები ვართ და როცა გიკვდება ავადმყოფი, როგორ შეიძლება ოპერაცია არ გააკეთო?! შეიძლება წაგებაზე ერთი-ორი ოპერაცია გააკეთო, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას ვერ გააკეთებ. მერე ეს აპარატურა, რისი მეშვეობითაც ვაკეთებთ ამ რთულ გამოკვლევებს, ყველაფერი დოლარშია ნაყიდი და კრედიტებს ვიხდით. თუ კლინიკას ხუთპროცენტიანი მოგება არ აქვს, როგორ განვაახლო მე ეს აპარატურა?! როგორ გადავიხადო ეს კრედიტი, მითხრან, რა!“ – აცხადებს ანზორ მელია.

მისივე თქმით, თავად კვირაში უკვე მხოლოდ ორ ოპერაციას აკეთებს, რაც ძალიან ცოტაა. კლინიკაში კი თვეში საშუალოდ 8-10, ისიც მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციები კეთდება, როცა ადრე საშუალოდ 30 ოპერაცია კეთდებოდა.

კლინიკების წაგებაზე მუშაობის არ სჯერა ჯანდაცვის მინისტრს, ტარიფების გათანაბრების ინიციატორ ეკატერინე ტიკარაძეს:„ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე. მიუხედავად, იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელია – ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა

კლინიკები და საავადმყოფოები გათავისუფლებული არიან ყველა იმ გადასახადისგან, რითიც იბეგრებიან დანარჩენი ბიზნესები. შესაბამისად, საკმაოდ რთული დასაჯერებელია, როგორ შეეძლო ამ ფასთა კლებას წაეყვანა წაგებაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

ახალ ინიციატივას კი მინისტრი სულაც პაციენტებზე ორიენტირებულს უწოდებდა.

„ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ კიდევ ნოემბერში, რეგულაციის პროექტის პრეზენტაციისას.

საბანკო რეგულაციები შესაძლოა გამარტივდეს

კომენტარები №520 დადგენილების შესახებ

ჯანდაცვის ახალ რეგულაციას უარყოფითად აფასებს ექსპერტების ნაწილი.

„ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ტარიფის გათანაბრება სწორად არ მიმაჩნია, რადგან არ შეიძლება ამა თუ იმ მომსახურებას თბილისსა და რომელიმე რეგიონში ერთი და იგივე ღირებულება ჰქონდეს. კონკრეტულ ადგილზე სერვისის თვითღირებულება სხვადასხვაგვარია და რატომ უნდა მოხდეს ამის გათანაბრება, გასარკვევია.

გასაგებია, რომ სამინისტრო ხარჯების შეკვეცას ცდილობს, მაგრამ ყურადღებაა მისაქცევი, რომ ამან არ გამოიწვიოს ხარისხის კიდევ უფრო დაცემა, რადგან არ ვიცით რა ზღვარზე გათანაბრდება ტარიფები, იქნება დაბალ, საშუალო თუ მაღალ ნიშნულზე. შეუძლებელია ერთი და იგივე სერვისი ერთნაირი ფასი ღირდეს თბილისის ცენტრალურ უბანში არსებულ საავადმყოფოში და რეგიონის რომელიღაც კლინიკაში“, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე. მისი თქმით, შესაძლოა, რეფორმა იმისთვის კეთდება, რომ წვრილი და საშუალო კლინიკები დაიხურონ და ბაზარზე მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები დარჩნენ. მისი აზრით, ერთიანი ტარიფების შემოღება პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან სამედიცინო მომსახურება ლარის კურსის გამო, თუ ზოგადად მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო ძვირი ხდება. ამიტომ თუ კლინიკებს იმაზე ნაკლებ ტარიფს დაუწესებენ, ვიდრე სერვისი რეალურად ჯდება, ან კლინიკა უნდა დაიხუროს, ან იძულებული იქნება მომსახურების ხარისხი გააუარესოს და ისე მოხდეს სერვისის გაიაფება.

„ოქროს სია“ და გაუქმებული შეღავათი ბიზნესისთვის

მინისტრის მოსაზრებას, რომ ჯანდაცვას არ განიხილავს მომგებიან ბიზნესად, არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი.

„ჯანდაცვა უნდა იყოს მომგებიანი იმიტომ, რომ ექიმებს ჰქონდეთ სტიმული, პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიაწოდონ, იმიტომ, რომ ექიმს ექიმობა უნდა უნდოდეს. მაგალითად, ბრიტანელი ექიმები ამერიკაში გარბიან, რადგან ბრიტანეთში არის საყოველთაო ჯანდაცვის მსგავსი მოდელი, სადაც ყველაფერი, მათ შორის ექიმების ხელფასები, რეგულირებულია. ისინი გარბიან ისეთ ადგილზე, სადაც ექიმობას უფრო მეტი ბენეფიტი მოჰყვება. იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ექთნები გარბიან დასავლეთ ევროპაში, რადგან იქ უკეთესი ანაზღაურებაა“, – ამბობს მეგრელიშვილი.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წლის ბოლომდე კვლავ აკლდება თანხა და, წინა წლების მსგავსად, ისევ დეფიციტურია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ წელს პროგრამის ბიუჯეტის დეფიციტი 20-22 მილიონი ლარი იქნება. ფულის დაკლების მიზეზს კი მინისტრის მოადგილე ასე განმარტავს: „მეტად და მეტად ხდება ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები საქართველოში და, შესაბამისად, ყოველწლიურად არის ნამატი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე“.

ასე რომ, როგორც ჩანს, კლინიკებისთვის სერვისებზე ერთიანი ტარიფების შემოღების ერთ-ერთი მიზანი საბიუჯეტო თანხების დაზოგვაა. თუმცა, მეორე საკითხია – ფულის დაზოგვის მცდელობა არ გამოიწვევს მკურნალობის ხარისხის გაუარესებას, ასევე კლინიკების რთულ დღეში ჩაგდებას და ხალხის უმუშევრად დატოვებას?..

თემურ იოსელიანი