განათლების მინისტრმა საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

სულ ახლახან, პირველად საქართველოში, კოლეჯ „სპექტრის“ 62 წარმატებულ კურსდამთავრებულს ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული დიპლომები გადაეცათ.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პროფესიული განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოსთვის, ვინაიდან ის პირდაპირაა დაკავშირებული დასაქმებასთან, განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

„პროფესიული განათლება ჩვენი პრიორიტეტია, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან. ჩვენი კურსდამთავრებულები საერთაშორისო დიპლომებით ღირსეულად შეძლებენ დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, — განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ სულ ახლახან, პირველად საქართველოში, კოლეჯ „სპექტრის“ 62 წარმატებულ კურსდამთავრებულს ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული დიპლომები გადაეცათ. 

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრომ, „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში, ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. უკვე დანერგილია მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები სამშენებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით. ამ დროისათვის პროგრამების გავლის შესაძლებლობა მიეცა 600-მდე მსმენელს. 

„გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს თბილისში ექსელენს ცენტრის დაფუძნებას და მის ფარგლებში მშენებლობისა და ლოჯისტიკის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც 2020 წლიდან დაიწყება“, — განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთი საკითხი წამოწია, რომელიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლებას ეხება. მისი თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შესამუშავებლად. 

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო განათლების საერთაშორისო ცენტრის მუშაობა, რომლის მთავარი მიზანიც უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში ქართველი სტუდენტების ცოდნის გაღრმავებაა. 2019 წელს ცენტრმა 12 პროგრამა განახორციელა და 169 სტიპენდია გასცა. სახელმწიფომ საზღვარგარეთ სწავლა სტუდენტებს 6,3 მლნ ლარით დაუფინანსა.