ახალი კომპრომისი: არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება" დათმობაზე მიდის

მოქმედმა ხელისუფლებამ ოპოზიციას პროპორციული სისტემით 77 დეპუტატის ნაცვლად 100 დეპუტატის არჩევა შესთავაზა.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ოპოზიციის წარმომადგენლებთან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივა გამოიტანა.

„ქართულმა ოცნებამ" არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით შიდაპარტიულ კონსენსუსს მიაღწია

მას შემდეგ, რაც ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი საპარლამენტო მუშაობაზე უარი განაცხადეს, უცხოელმა დიპლომატებმა შუამავლის როლი იკისრეს, რათა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. აქციების მეორე ტალღა 14 ნოემბერს, იმ დღეს დაიწყო, როცა პარლამენტში საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.

„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას – შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება", – განაცხადა თალაკვაძემ.

ადრე ოპოზიციამ ხელისუფლებას დათმობის სახით 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით, მხოლოდ მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში ჩატარება შესთავაზა. თუმცა, მთავარია, რომ აღნიშნული სისტემით პარტიამ პარლამენტში იმდენი ხმა მიიღოს, რაც მას პროპორციული არჩევნებით ეკუთვნის – ეს არის ე.წ. „გერმანული მოდელი".

მოქმედი ვერსიით, პარტიები, რომლებიც 3%-იან ბარიერს გადალახავენ, პროპორციულად ინაწილებენ 77 ადგილს პარლამენტში, დანარჩენი 73 ადგილი ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულთა შორის ნაწილდება.