თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ სკანდალურ დეპუტატთან გამომშვიდობება გადაწყვიტა

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატს Facebook-ზე „ცხელ გულზე" გამოქვეყნებული პოსტი ძვირად დაუჯდა.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან ერეკლე კუხიანიძე გათავისუფლდა თანამდებობიდან და გაირიცხა უმრავლესობიდან, განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.

„გადავწვიტეთ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები, შესაბამისად, უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ", – განაცხადა დავითულიანმა.

იმასთან დაკავშირებით, ჩამოერთმევა თუ არა კუხიანიძეს დეპუტატის მანდატიც, დავითულიანმა განაცხადა, რომ ამისთვის სამართლებრივი ბერკეტები არ არსებობს, თუ დეპუტატმა თავად, საკუთარი სურვილით არ დაწერა განცხადება.

ოპოზიცია თბილისის საკრებულოში კარვის გაშლას ცდილობს

ერეკლე კუხიანიძე საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა. ის მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების მხრიდანაც მას შემდეგ, რაც Facebook-ში აღშფოთებული პოსტი გამოაქვეყნა ცხინვალის რეგიონში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ.

როგორც დეპუტატმა დაწერა, ექიმმა გაფრინდაშვილმა იცოდა, რომ მას დააკავებდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ მაინც გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი. ამიტომ მან ექიმსა და მის ოჯახს „პროვოკატორები და იდიოტები“ უწოდა.

კუხიანიძემ რამდენიმე დღის შემდეგ სახალხოდ მოიხადა ბოდიში „არაადეკვატურობის" გამო, რისი უფლებაც საკუთარ თავს ემოციურობის ნიადაგზე მისცა, მაგრამ ამან ოპოზიცია და საზოგადოება არ დაამშვიდა.

თუ კარიდან არ გიშვებენ... – ხაბეიშვილი საკრებულოში შეღწევას აივნიდან შეეცადა>>

ცნობილი ქართველი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში ახალგორში დაშავებული ქალის დასახმარებლად გაემგზავრა. ქალი ჭაში ჩავარდა და ძლიერ დაშავდა. გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევის" გამო დააკავეს. ის სასამართლოს წინაშე წარდგა.

საქმეზე მომდევნო პროცესი ცხინვალში 20 დეკემბერს გაიმართება.