თამარ მეფის ხიდის პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

საქართველოს დედაქალაქის ცენტრში არსებული თამარ მეფის სახელობის ხიდი აღმაშენებლის გამზირსა და გმირთა მოედანს აკავშირებს.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისში თამარ მეფის ხიდის პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ამჟამად შეჩერებულია.

კახა კალაძის განცხადებით, მოძრაობა ხიდზე რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად აღდგება.

როდის დასრულდება მშრალი ხიდის აღდგენა

„ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო, შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება საჭიროებას წარმოადგენდა. თამარ მეფის ხიდის ახალი პანდუსი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია და ის რამდენიმე ათეულ წელს გაძლებს", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენდა, სარემონტო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა კოჭები, მოხდა ბურჯების თავების გარემონტება, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობა, საყრდენი კედლის მშენებლობა, მოაჯირების შეცვლა, ასევე თვალამრიდების და ახალი გარე განათების მოწყობა.

თამარ მეფის სახელობის ხიდი აღმაშენებლის გამზირსა და გმირთა მოედანს აკავშირებს. ხიდის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო. ხიდი 1935 წელს გაიხსნა.

ამჟამად ხიდის კონსტრუქციებზე აღინიშნება დიდი რაოდენობით გამოტუტვის ლაქები და წყლის ჟონვის კვალი, ზამთრის პირობებში ხიდის მალის ნაშენზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობის ყინულის ლოლუები.

გახსნის შემდეგ ხიდს ჩელუსკინელების ხიდი ერქვა, 1989 წლიდან კი ხიდი თამარ მეფის სახელს ატარებს. ხიდის არქიტექტურა ნიკოლაი სევეროვს ეკუთვნის.