საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება ის კომპანია, რომელიც ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტრასების ხელოვნურ გათოვლიანებას უზრუნველყოფს.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში ჩატარდება, განაცხადა სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ პრესკონფერენციაზე.

უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება.

ჩინოვნიკები ბაკურიანში არსებულ ვითარებას გაეცნენ

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის თქმით, სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება, რათა მოთხილამურეებმა სრულყოფილად შეძლონ ვარჯიში მთელი სეზონის განმავლობაში.

2023 წლისთვის ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო გზა გაჩნდება, რომლებსაც გერმანული კომპანია "დოპელმაიერი" ააშენებს.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს მზადყოფნის შემოწმება იქნება 2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს გუდაურში FIS-ის ფრისტაილის ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში.

რაც შეეხება ეროვნულ ტურნირებს, 27-28 დეკემბერს მესტიაში 2020 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი გაიმართება. მეორე ეტაპი დაგეგმილია ბაკურიანში (10-12 იანვარი), მესამე და მეოთხე ეტაპი გუდაურში (6-8 მარტი, 20-22 მარტი), ხოლო მეხუთე ეტაპი გაიმართება მესტიაში (9-12 აპრილი).