საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევას იწყებს

საპროკურორო საბჭო სამი კანდიდატიდან არჩევანს ერთზე შეაჩერებს და დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო, ნათქვამია საბჭოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურორთა საბჭომ გენპროკურორის კანდიდატები ერთი თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ ხუთშაბათს პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

საპროკურორო საბჭო კანდიდატების შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

„კონსულტაციების მიზანია გენერალური პროკურორის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე ამ პროცესის შედეგად ისეთი პროფესიონალი კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც აკადემიური საზოგადოების, პროფესიული წრეებისა და არასამთავრობო სექტორის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ", – ნათქვამია განცხადებაში.

კონსულტაციების შედეგად სამი კანდიდატის შერჩევა მოხდება.

განხილვების შემდეგ საპროკურორო საბჭო ხმების უმრავლესობით ერთ კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

გენერალური პროკურორი შეიძლება გახდეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.