ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკს იქამდე ვითამაშებ, ვიდრე ტვინი არ გამეთიშება

„საჭადრაკო ოსკარის" პირველმა მფლობელმა, ქალთა და მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატმა მის ცხოვრებაში ჭადრაკის როლზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იმ დრომდე ითამაშებს, ვიდრე ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს. ამაზე მან თავად განაცხადა „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული თბილისი-ერევანი-მინსკი ვიდეოხიდის ფარგლებში.

ნოემბერში რუმინეთში ნონა გაფრინდაშვილი სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა. გაფრინდავილის თქმით, ჭადრაკი ადამიანს ახალგაზრდობას უხანგრძლივებს და ეხმარება გონებას უფრო ნათლად იაზროვნოს, ამიტომაც ადამიანს 78 წლის ასაკშიც კი შეუძლია გამარჯვება. სახელოვანი მოჭადრაკე ახლა სწორედ ამ ასაკშია.

„მე ვალაგებ ჩემოდანს და შეჯიბრზე მივდივარ, იმიტომ რომ არ შემიძლია ჭადრაკის გარეშე. ეს არის ჩემი სამყარო, მე იგი მიყვარს... ბევრი მოჭადრაკე ტურნირებში მონაწილეობას უბრალოდ იმის გამო იღებს, რომ ჭადრაკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ეს სამყარო, ჭადრაკის სამყარო ჩვენ განსაკუთრებულ გრძნობებს გვიღვიძებს. სანამ ჩემი ტვინი მუშაობს და არ გათიშულა, მე ვითამაშებ", – განაცხადა ლეგენდარულმა მოჭადრაკემ.
ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ტელეხიდის დროს საზოგადოებრივი გაერთიანება „ბელარუსის ჭადრაკის ფედერაციის" თავმჯდომარემ, FIDE-ს ვიცე-პრეზიდენტმა ანასტასია სოროკინამ გაფრინაშვილი და საერთაშორისო დიდოსტატი, ორგზის ოლიმპიური და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი რაფაელ ვაგანიანი 2020 წელს ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიო თასის და 2021 წელს მამაკაცთა შორის მსოფლიო თასის ტურნირებში მონაწილეობისთვის მიიწვია, რომლებიც მინსკში ჩატარდება.

ლეგენდარული მოჭადრაკეები მიწვევას დათანხმდნენ და მინსკში ჩასვლის პირობა დადეს.

ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის თამაში ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო. 12 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლეში გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. 15 წლისა გახდა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962–1978). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის" პირველი მფლობელი.