„სასოწარკვეთილი იყო“ - სპეციალისტები მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის ფაქტს სწავლობენ

რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრმა სისტემური პრობლემა დაინახა კერძო სკოლაში, რომლის მოსწავლეც მეცხრე სართულიდან გადახტა
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. „მწვანე სკოლის“ კედლებზე 15 წლის მოზარდის მიერ გაკეთებული წარწერები მოსწავლის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს, განაცხადა პრესკონფერენციაზე რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.

რატომ გადმოხტა მოზარდი მეცხრე სართულიდან? ფაქტზე ფსიქოლოგები და სამინისტროები მუშაობენ >>

გასულ კვირაში ეს მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოხტა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც, გამოძიების ვერსიით, მოზარდი ღამით ჩუმად შევიდა „მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა, და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე უცენზურო წარწერები დატოვა. უბედური შემთხვევის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ შვილს დანაშაულის აღიარება აიძულა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით მიმდინარეობს.

15 წლის მოზარდის ძმა: ოთახიდან რომ გამოვიდა, ატირებული იყო და ყველაფერი აღიარა

„საკითხი სისტემურად დგას. აქ არამარტო პოლიციის სავარაუდო დანაშაული იკვეთება, არამედ იკვეთება თვითონ ამ სკოლაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური გარემო და არაადეკვატური დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ. წარწერა, რომელიც ვიხილეთ, არ შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ გამოეძახათ პოლიცია და არასრულწლოვანი გადაეცათ პოლიციისთვის. ეს არის სკოლის მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, სკოლის დირექციას მოსწავლის მშობლები უნდა გამოეძახა, საკითხში ფსიქოლოგები უნდა ჩაერთო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხდარი სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.

„წარწერა მოზარდის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს. მოზარდი, რომელიც ამ წარწერას წერს, არის სასოწარკვეთილი. ზოგადად, სკოლები მზად არ არიან ფსიქოლოგიური მიდგომები ჰქონდეთ მოზარდებთან“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

შსს-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ მოზარდი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა და არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია.

საკითხს ასევე განათლების სამინისტრო სწავლობს.

სამინისტროს მონაცემებით, ცენტრმა „ემპათიამ“ მუშაობა დაიწყო არა მარტო „მწვანე სკოლაში", არამედ №100 საჯარო სკოლაშიც, სადაც მოზარდი სექტემბერში გადაიყვანეს.