მოგვიწევს თუ არა გაზაფხულზე ერთმანეთი დავთვალოთ?..

ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღეა მყარდება. როდიდან აისახება ლარის სტაბილურობა საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე, რას გვპირდებიან ანალიტიკოსები, ვინ დარჩება ზამთარში და ვინ მოიყვანს გაზაფხულს?..
Sputnik

სამსონ ხონელი

სტილი დაცულია!.. ვიცი, არაფერია უფრო მარადიული, ვიდრე ცვალებადობა, მაგრამ ამჯერად ასე ვისურვე... ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე. წინამდებარე სტატიის სახელდებად დასმული კითხვა არახალია და პასუხის ძიება მხოლოდ დარისა თუ ავდარის განჭვრეტას როდი მოიაზრებს. ეს, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანიც იყოს. ცელსიუსით ერთი, ორი და, თუ გნებავთ, ხუთი გრადუსით მაღალი ან დაბალი ტემპერატურა კლიმატს ხომ არ ქმნის? არა, გააჩნია ვისთვის როგორ − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. წელიწადის ამ დროს დაბალ ტემპერატურას მეტი გასავალი მოსდევს და პირიქით. არ იფიქროთ, რომ ზამთარის სეზონზე გათბობის შესაძლო ხარჯების პროგნოზირებას ვაპირებ. სულ სხვაა ჩემი მიზანი. არ დავაანონსებ და  თანმიმდევრულად მივყვები, ვეცდები, ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე გავამახვილო...

ნახტომი ტრამპლინიდან... გაძვირებული სესხები და ლარის „ახალი“ თავგადასავალი

ზამთარი წინ არის, ის ჯერ მხოლოდ პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს ითვლის, თუმცა ტენდენცია მრავალი მიმართულებით უკვე გამოიკვეთა. პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი პირი უჩანს, ქუჩა-ქუჩა მოგვიწევს სიარული და, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულში გავეჯიბრებით. ვინ მოიგებს – ამას მომავალი წლის ღვინობისთვეში გავიგებთ, როცა სიყვარულით მივცემთ ხმას... რა თქმა უნდა, თუ მანამდე მოვახერხეთ და ერთად არ ჩავიძირეთ სიყვარულის მორევში. მთავარია, ამ მოჭარბებული სიყვარულის ადრესატი არ დამარცხდეს − ბრძანებთ თქვენ და, ჩემი პესიმისტური განწყობის მიუხედავად, პათოსს გავიზიარებ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, პოლიტიკაზე მეტს არაფერს ვიტყვი, უკვე ბევრი ითქვა და, დარწმუნებული ვარ, მკითხველი კარგად გაერკვა, ვის რა ინტერესები ამოძრავებს და ვინ რისთვის იბრძვის. მხოლოდ ერთს კი დავძენ: პოლიტიკური პროცესი და თავად ე.წ. პოლიტიკური ელიტა დღემდე არასოდეს ყოფილა შინაარსისგან ესოდენ ბოლომდე დაცლილი, ფორმით კი უსახო და შიშველი... ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პოლიტიკური კლიმატი გავლენას ჩვენი დროების სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაზე ახდენს...

აღიარებული შეცდომა... ანუ რას და როგორ დააფინანსებს მთავრობა?

ცხოვრება ძვირდება. საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე ფასები დღითი დღე იზრდება, მოსახლეობა შიშობს, რომ ზამთარში კომუნალური გადასახადებიც მოიმატებს. ანალიტიკოსები იზიარებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგნოზს, რომლის თანახმად წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბრის ბოლოს 7.2 პროცენტის ფარგლებში იქნება. მათივე ვარაუდით, ახალ წლამდე ვითარება არ შეიცვლება, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს, რის გამოც მოსახლეობას მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს. სპეციალისტების ნაწილი ინფლაციის რეკორდულ ზრდას მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. მათი შეფასებით, პიკზე მყოფი ინფლაციის შესაჩერებლად ხელისუფლებას არ გააჩნია სწორი, მიზანმიმართული პოლიტიკა.

„მეთოდებით, რომელსაც მთავრობა იყენებს, ფასების ზრდას ვერ შევაჩერებთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იმპორტზეა ორიენტირებული ნაცვლად იმისა, რომ ხელს უწყობდეს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას. ამიტომაც არანაირი წინაპირობა არ არსებობს საიმისოდ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა დამყარდეს. სადაც არ არის სტაბილურობა, იქ ვითარება ყოველთვის დაძაბულია. ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მეთოდები არაეფექტურია. კრიზისის მართვაში სახელმწიფოს როლი კი, პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი“, − აცხადებს ეკონომისტი დემურ გიორხელიძე. მისივე თქმით, ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, კატასტროფულად ურტყამს მოსახლეობას. კერძოდ, ზამთრში ცხოვრება ისედაც ძვირდება, რადგან მოსახლეობას კომუნალური გადასახადები ეზრდება. შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ამ გადასახადებში მიდის და საკვების შესაძენად ნაკლები თანხა რჩება.

მძიმე რეალობა − ხმაური ქუჩაში და „პროპორციულად“ გაძვირებული ცხოვრება...

სპეციალისტთა ნაწილი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მძიმდება და მოკლე თუ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირებას არ ვარაუდობს. „ვფიქრობდი, რომ ნოემბერ-დეკემბერში ინფლაცია დაიკლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. სავარაუდოდ, დეკემბერში ის კიდევ მოიმატებს. მომავალი წლის პირველ კვარტალში შემცირდება 5-6 პროცენტამდე. მიზნობრივ მაჩვენებელს ზაფხულში დაუახლოვდება“, − აცხადებს სტატისტიკოსი გივი მომცემლიძე. მისივე შეფასებით, არსებული ვითარება, პირველ რიგში, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ივნისის თვის მესამე დეკადიდან დაწყებული პოლიტიკური პროცესებისა და რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის აკრძალვის გავლენა კი არც ისე დიდია, როგორც ამას ჩვენი ხელისუფლება და ზოგიერთი ექსპერტი წარმოაჩენს.  

ერთი სიტყვით, ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ერთი ნაწილი მძიმე ზამთარს გვპირდება. მათი პროგნოზით, საკვებ პროდუქტებზე ფასების დაკლების შანსი თითქმის არ არსებობს. მასშტაბურად გაძვირებული პროდუქციის გაიაფება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. არადა, ვიცი, გაუკვირდება მკითხველს – რამდენიმე დღეა, ეროვნული ვალუტა მყარდება და ეს სიკეთე, წესით, ფასებზეც უნდა აისახოს. თუ არ გაიაფდება, ხომ აღარ უნდა გაძვირდეს მაინც? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და არც ის გამიკვირდება, კობა გვენეტაძის სიტყვები გამახსენოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძანა, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საბოლოოდ ფასების ზრდის ტემპს შეანელებს. ქვეყნის მთავარი ბანკირის ეს იმედისმომცემი სიტყვები რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტით, 9.0 პროცენტამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე მეორე დღეს გაისმა. ასე რომ, არ გაემტყუნება მკითხველს, თუ ცხოვრების შედარებით გაიაფების მოლოდინი გაუჩნდა, მაგრამ... „არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, − იქვე დააზუსტა კობა გვენეტაძემ. და გასაგებია, რომ მარტის თვე გაზაფხულის საკუთრებაა და არა ზამთრისა. ზუსტად ვიცი, უმრავლესობა ახლა გაიფიქრებს – „იყოს გაზაფხულზე, ფასებმა ოღონდაც დაიწიოს და აღარც კი დავეძებ, როდიდან“...   

ოპს!.. თქვენ გელით ევროპაში დასაქმება!.. რას გვპირდება ბიძინა ივანიშვილი?

უნდა გავახარო მკითხველი. „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ შესაძლოა ფასების დაკლება ერთი თვით ადრე, თებერვალში დაიწყოს. თუმცა, მანვე დასძინა, რომ საამისოდ იმ დროის მოცემულობით ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2.70-ის მიდამოებში უნდა იყოს. ეჰ, მანამდე რატომ არა? − დაიჩივლებს მკითხველი და, რა გაეწყობა, უნდა დავაზუსტოთ. როგორც ივა ჭყონია განმარტავს, კომპანიებში დღეს არსებული პროდუქციის გარკვეული მარაგი შეძენილია, როცა დოლარის კურსი მაღალი იყო. შესაბამისად, მოკლევადიანი გამყარება გაიაფების საფუძველი ვერ იქნება. „პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ. ეს უახლოს მომავალში არ მოხდება. ეს გამყარება არ არის, ეს კურსის დასტაბილურებაა. ლოგიკურად რომ მივყვეთ, ქვეყნის ეკონომიკაში არაფერი ისეთი არ გაკეთებულა, რომ ამას ლარის გამყარება გამოეწვია“, − განაცხადა ივა ჭყონიამ.

ვფიქრობ, ახლა უკვე ყველაფერს ნათელი მოეფინა. გამოზამთრება არ იქნება მარტივი, მაგრამ ჯერ ხომ არც ის ვითარებაა, როცა უნდა ვთქვათ – ვინც გამოვიზამთრებთ, ერთმანეთი დავთვალოთ...