თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, რომლებმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხეს, უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რატომ გადმოხტა მოზარდი მეცხრე სართულიდან? ფაქტზე ფსიქოლოგები და სამინისტროები მუშაობენ >>
გასულ კვირაში ეს მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოხტა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც, გამოძიების ვერსიით, მოზარდი ღამით ჩუმად შევიდა „მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა, და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე უცენზურო წარწერები დატოვა. უბედური შემთხვევის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ შვილს დანაშაულის აღიარება აიძულა – წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფენ. შსს-ში ასევე უარყოფენ, რომ გამოკითხვის დროს მოზარდმა აღიარებითი ჩვენება მისცა.
„თბილისის „მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს, აცხადებენ შსს-ში.
გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა, მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო.
დღეს ფსიქოლოგებმა განაცხადეს, რომ „მწვანე სკოლის“ კედლებზე 15 წლის მოზარდის მიერ გაკეთებული წარწერები მოსწავლის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს, ხოლო „მწვანე სკოლაში“ ვლინდება შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური გარემო და არაადეკვატური დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ.