ჰაერივით საჭიროა - მინისტრი ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის დაწესებულ ვადებზე საუბრობს

ინვესტორები ვადებში რომ ჩატეულიყვნენ, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი მომავალ წელს იქნებოდა მზად, განაცხადა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, მთავრობას ფინანსურ გარანტიას დათქმულ ვადაში არ წარუდგენს, მთავრობა პროექტის რეალიზების სხვა შესაძლებლობებზე იფიქრებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღეს ამოიწურა შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა წარმოადგინოს ბანკებთან ხელმოწერილი საკრედიტო შეთანხმებები. 2019 წლის ბოლომდე კი კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს 120 მილიონ დოლარამდე ოდენობის კაპიტალის შესრულების ვალდებულების შესახებ შეთანხმება, ასევე დოკუმენტის პროექტი კრედიტორებისგან დაფინანსების მიღების შესახებ.

ანაკლიის ინვესტორი: მნიშვნელოვანია პროექტი, და არა ფინანსური გარიგების დახურვის ვადები

ფინანსური გარიგება ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან - EBRD, EIB, OPIC და NDB - მაგრამ ისინი ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას, რომლებსაც სახელმწიფო არ ეთანხმება. ფინანსური გარიგების დახურვა უკვე ექვსჯერ გადაიდო.

„საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი ჰაერივით სჭირდება. არ მინდა, მოვლენებს გავასწრო. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის გარკვეული დედლაინების ამოწურვამდე, მაინც არ მინდა, ნაადრევად ვისაუბრო. დავაცადოთ, ფორმალური დედლაინი დადგეს და შემდეგ, რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობის პროექტი ძალიან გაჭიანურდა.

ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს >>

„ეს პროექტი დაგვიანდა. ინვესტორის მოთხოვნით, 2017 წლიდან ხდება გადავადება. პირვანდელი ვადით, მომავალ წელს უკვე პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო მწყობრში და ღრმაწყლოვანი პორტი გვექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბოლო შანსი

საქართველოს ხელისუფლება დიდ იმედებს არ ამყარებს იმაზე, რომ კონსორციუმი ვადაში ჩაეტევა. ამის მიუხედავად, მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად გადაწყვიტა, აღარ გაუგრძელოს ფინანსური გარიგების დახურვის ვადა კონსორციუმს.

როგორც ამასწინათ კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, კომპანია ყველაფერს აკეთებს პროექტის განსახორციელებლად - განაგრძობს მოლაპარაკებას ინვესტორებთან, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.

საუკუნის პროექტი

როგორც თურნავამ აღნიშნა, ანაკლიის პორტი სტრატეგიული და პრიორიტეტული პროექტია.

ამასთან, ტვირთბრუნვა საქართველოს ნავსადგურებში საგრძნობლად გაიზარდა.

დრო იწურება: გამოინახება თუ არა თანხა ანაკლიის პორტის ასაშენებლად

„რასაკვირველია, ძალიან დაგვეხმარებოდა ანაკლიის დროულად აშენება“, - აღნიშნა თრნავამ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან“ მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

„ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს „თი ბი სი ჰოლდინგმა“ და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ამერიკული კომაპანია SSA Marine, British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). თუმცა Conti International LLC–მ აგვისტოში განაცხადა, რომ კონსორციუმიდან გასვლას აპირებდა და კონსორციუმი მთავარი ინვესტორის გარეშე დარჩა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პოტენციური ინვესტორი დაკარგა >>

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. თუმცა მუშაობა ამაზე შეჩერდა.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.