მსოფლიო დღეს

ამერიკული პასუხი „ისკანდერებზე“: რით ემუქრება მსოფლიოს ახალი რაკეტები

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა და პენტაგონის მიერ რაკეტების გამოცდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში მდებარე ვანდენბერგის ავიაბაზიდან ახალი, არაბირთვული ბალისტიკური რაკეტის ნიმუში გამოიცადა. სახმელეთო მობილური დანადგარიდან გაშვებულმა რაკეტამ 500 კილომეტრზე მეტი იფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ავიაბაზის წარმომადგენელმა РИА Новости-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს საშუალო სიშორის რაკეტა რამდენიმე თვის წინ აკრძალული იყო.

მოუქნელი  წარმოდგენა

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 2 აგვისტოს შეწყდა აშშ-ის ინიციატივით. ამ უკანასკნელმა მანამდე რუსეთი შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება ვაშინგტონმა მანამდე, 2019 წლის მარტში გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ იწყებდა ახალი, სახმელეთო ბაზირების რაკეტის პროექტზე მუშაობას. ამასთან დააზუსტა, რომ სისტემა რამდენიმე წლის შემდეგ იქნებოდა მზად. 

ამერიკული პასუხი „ისკანდერებზე“: რით ემუქრება მსოფლიოს ახალი რაკეტები

მაგრამ პირველი საცდელი ნიმუში ცხრა თვეზე ნაკლებ დროში გამოჩნდა, რაც, სულ ცოტა, გაოცებას იწვევს. ამერიკელ კონსტრუქტორებს, რა თქმა უნდა, შეეძლოთ დაძაბულ და დაჩქარებულ რეჟიმში ემუშავათ, მაგრამ აშკარაა, რომ ასეთ ვადაში ახალი შეიარაღების ექსპერიმენტული ნიმუშის ნულიდან დაპროექტება, აწყობა და გამოცდა შეუძლებელია – პენტაგონის პრაქტიკულად შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებისა და რუსეთისთვის გადასწრების უზარმაზარი სურვილის მიუხედავადაც კი.  

პოლიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამერიკელებმა აკრძალული რაკეტების შექმნა შეთანხმებიდან გასვლამდე დაიწყეს. მათი გამოცდიდან მოკლე ხანში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პენტაგონის შეფის მარკ ესპერის განმარტებას „მოუქნელი წარმოდგენა“ უწოდა.

„მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა, პენტაგონმა სახმელეთო ბაზირების რაკეტების ორი გამოცდა ჩაატარა. ესპერმა ამაყად განაცხადა, რომ აშშ ამ სტარტისთვის ჯერ კიდევ თებერვლიდან ემზადებოდა. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება: შტატებმა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება მხოლოდ 2 აგვისტოს გააკეთა, მომზადებით კი თებერვლიდან ემზადებოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მანამდელ შეფასებებს, რომ აშშ-ს წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული შეთანხმებიდან გასვლა“, — განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საშუალო სიშორე

და, მართლაც, პენტაგონმა ფრთოსანი რაკეტა აგვისტოში გამოსცადა, რომელმაც 500 კმ-ზე შორს მდებარე სამიზნე დააზიანა. ეს კი ეწინააღმდეგება საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ეს ცდები ადასტურებს, რომ აშშ დიდი ხნის განმავლობაში შეგნებულად ემზადებოდა შეთანხმების დასარღვევად. 

„ორპირი პოლიტიკა“: პენტაგონის მიერ რაკეტის გამოცდას რუსეთში ნეგატიურად აფასებენ

„ასეთ დროში მსგავსი ღონისძიებების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ისინი წინასწარ არ ემზადებოდნენ. ამით ჩვენ მივიღეთ ხილული დასტური იმისა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გასასვლელად არა მარტო პოლიტიკურად თუ პროპაგანდისტულად, არამედ მატერიალურად, სამხედრო-ტექნიკურადაც კარგა ხნით ადრე ემზადებოდა“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გეგმების არსებობა ირიბად დაადასტურა ახალი სარაკეტო შეიარაღების პრეზენტაციამაც, რომელიც აშშ-ის არმიის სარდლობამ 2018 წელს მოაწყო. პენტაგონმა მასზე წარმოადგინა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების პერსპექტიული მართვადი რაკეტა Strategic Fires Missile, რომლის ფრენის სიშორე 500-დან 2250 კმ-ია. ამასთან, ამ რაკეტის გამოსახულება ძალიან ჰგავს ახლახან გამოცდილი რაკეტის ფოტოებს.

სპეციალიზებული ბლოგის BMPD-ის ექსპერტების მონაცემებით, ამ პროექტით ამერიკული კომპანია Northrop Grumman Innovation Systems არის დაკავებული — ყოფილი კორპორაცია Orbit ATK, რომელიც Northrop Grumman-ის შემადგენლობაში 2018 წელს შევიდა.

„ისკანდერის“ ანალოგი

გარდა ამისა, ამერიკელები დიდი ხანია ქმნიან იარაღს, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებით მცირე სიშორის რაკეტად კლასიფიცირდება. 2018 წლის იმავე პრეზენტაციაზე პენტაგონმა ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა Precision Strike Missile (PrSM) წარმოადგინა, რომლის ფრენის სიშორე 70-დან 499 კილომეტრამდეა. ამასთან, რეალურად რაკეტას სამიზნის დაზიანება 700 კმ-ზე შორს შეუძლია. 

ამერიკულზე ოთხჯერ იაფი: ზემძიმე რაკეტის შექმნა რუსეთს 750 მლრდ რუბლი დაუჯდება

ამ რაკეტაზე კომპანია Lockheed Martin-ი 2017 წლიდან მუშაობს. საუბარია ზეზუსტი იარაღის ახალ თაობაზე, რომელიც ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსს MGM-140 ATACMS ჩაანაცვლებს. ეს უკანასკნელი აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1990 წლის დასაწყისიდანაა.

PrSM-ც უკვე გამოიცადა. ის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა М142 HIMARS-დან გაუშვეს. რაკეტამ 240 კილომეტრი იფრინა და წარმატებით დააზიანა სამიზნე.

მცირე სიშორის პერსპექტიულ რაკეტაზე კიდევ ერთი ამერიკული კომპანია მუშაობს — Raytheon-ი. გამოცდა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. პენტაგონში ახლა არჩევანს აკეთებენ, მაგრამ უკვე ზუსტადაა ცნობილი, რომ ამერიკული არმია ახალ იარაღს 2023 წელს მიიღებს.

PrSM-ს შეიძლება რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერ-М“-ის ანალოგი ვუწოდოთ, რომლის მახასიათებლებიც შეერთებულმა შტატებმა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის ძირითად საბაბად გამოიყენა. ვაშინგტონი მოსკოვს იმაში სდებდა ბრალს, რომ ფრთოსანი რაკეტა 9М728-ის მოდიფიცირებული ვერსია შეთანხმების მოთხოვნებს არღვევდა, თითქოს მისი ფრენის სიშორე 500 კმ-ს აღემატებოდა.

მოსკოვმა ბრალდება უარყო, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ რაკეტის ზოგი მახასიათებელიც კი გაასაჯაროვა.

გარდა ამისა, რუსეთმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და აშშ-ს შესთავაზა, დახურულ რეჟიმში გასცნობოდა რაკეტა 9М729-ს, რათა შეთანხმებასთან მის შესაბამისობაში დარწმუნებულიყო. მაგრამ ამერიკელებმა უარი თქვეს.