თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

კონფერენციის მონაწილეებმა დიასპორის პრობლემები და ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებაში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, საპროტესტო აქციის ფონზე იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ქართულ დიასპორას განსაკუთრებული ძალა აქვს" - ემიგრანტები თბილისში შეიკრიბნენ

კონფერენცია სასტუმრო „ბილტმორში" იმართება. სასტუმროს შენობის წინ მოძრაობა "შეცვალეს" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა სიტყვებით, ერთი წელი გახდა, რაც ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და მთელი ამ დროის მანძილზე მის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. მოძრაობის აქტივისტებმა პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია მიუტანეს და შეახსენეს მისი უფლებები და მოვალეობები.

კონფერენციის მთავარი თემა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დიასპორის აქტიური მონაწილეობაა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.

„დიასპორის საკითხი ჩვენთვის ძალზე სერიოზულია, და არა მარტო საქართველოსთვის. დღეისათვის, ალბათ, ცოტა ქვეყანაა, რომელსაც საზღვარგარეთ დიდი დიასპორა არ ჰყავს. ძალზე დიდი ხანი საქართველო ითვლებოდა ქვეყნად, რომელსაც არ ჰყავდა ემიგრანტები, ქვეყნად, საიდანაც არავინ მიდიოდა, არავინ ტოვებდა და უცებ, მოკლე დროში, ახალ პერიოდში ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელსაც უცხოეთში დიდი დიასპორა ჰყავს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველო არ იყო მზად ამ პრობლემის გადასაჭრელად და ქვეყნის აღორძინებისთვის დიასპორის გამოსაყენებლად. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა დიასპორას ხელი გავუწოდოთ, კავშირი გვქონდეს მასთან, შევუქმნათ პირობები, რათა იგი მარადიულ დიასპორად არ გადაიქცეს.

„ჩვენი დიასპორა არ წარმოადგენს მარადიულ დიასპორას", – აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყოველთვის ილტვიან საქართველოში დაბრუნებისკენ.

დიასპორის საუკეთესო პროექტებს საქართველოს ხელისუფლება დააფინანსებს

მისი სიტყვებით, როდესაც იგი საფრანგეთში იზრდებოდა, მას საქართველოში დაბრუნების ოცნება ჰქონდა. ვიღაცამ შეძლო დაბრუნება, ვიღაცამ – ვერ მოახერხა. ზურაბიშვილმა გაიხსენა, რომ ლევილში ერთ-ერთ საფლავზე წერია „ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე". თუმცა, დღეს, ზურაბიშვილის აზრით, ვითარება შეცვლილია, რამდენადაც დღევანდელი ემიგრაცია არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ეკონომიკური მიზეზების შედეგია.

„შეიძლება ცხოვრობდე იქ, მაგრამ აქ საქმიანობდე. ჩვენ კომუნიკაციისთვის ბევრი შესაძლებლობა გვაქვს... მე, მაგალითად, ადმინისტრაციაში სტაჟირებაზე უცხოელები ჩამოვიყვანე და ისინი ჩემი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ნაწილია", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ევროპის საბჭოს დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაოლო პისკომ.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სამი პლენარული სესია, რომლებზეც იმსჯელებენ ქვეყნის აღორძინების პროცესში დიასპორის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ არის ორგანიზებული.