ქართველი მეზღვაური ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე Elka Aristotle მეკობრეების თავდასხმის დროს ოთხ გატაცებულს შორის აღმოჩნდა
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე ბათუმში 40-დღიანი ტყვეობის შემდეგ დაბრუნდა.

ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე იმყოფებოდა, მეკობრეები მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დაესხნენ. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის 24 წევრიდან ოთხი გაიტაცეს.

დაიღუპა ტოგოში ქართველთან ერთად გატაცებული ერთ-ერთი მეზღვაური

„ორმოცი დღე იყო ტყეში, ჯუნგლებში. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო – კომპანიას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობას. ყოველდღე მქონდა ინფორმაცია, რომ კარგად იყო. თანხაზე იყო ალბათ საუბარი. რამდენი, არ ვიცი. ელექტრომექანიკოსი იყო“, – პირველი არხის ეთერში განაცხადა მეზღვაურის დამ, მარიამ ვარდიძემ.

გამტაცებლები გემთმფლობელი კომპანიისაგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. ტელეარხის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბერძნულ მხარესთან ერთად ყველაფერი გააკეთა ტყვეების გასათავისუფლებლად,

ბათუმის აეროპორტში მეზღვაურს დახვდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და აჭარის მთავრობისა და ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები. თავად ვარდიძეს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.