თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან ნოემბერში 201,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საქართველოში ტურიზმით მიღებული შემოსავლები ნოემბერში 5,6%-ით გაიზარდა>>
საქართველოს მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი გაზრდის იმედი ჰქონდა, თუმცა, საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და მას შემდეგ საპროტესტო ტალღის მერე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. შედეგად, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ იკლო.
მიმდინარე წლის დასაწყისში ტურიზმიდან შემოსავლების მაჩვენებელი 5%-ით იზრდებოდა. თუმცა, რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შემდეგ შემოსავლების ვარდნა დაფიქსირდა - ივლისში 8,6%-ით, აგვისტოში - 6,8%-ით, სექტემბერში - 4,9%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა აღდგა ოქტომბერში და 5,2%-ს გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოში შეადგინა 3,1 მილიარდი დოლარი, რაც 25 მილიონი დოლარით, ან 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტაილანდელ ტურისტებს საქართველო სულ უფრო მეტად იზიდავს>>
ბოლო 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს - 8,6 მილიონს მიაღწია (ზრდა 7,2%).
2019 წლის 11 თვეში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ საქართველოში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც 4,9%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ამავე დროს, ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 82 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,9%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.