„მკვლელი სითხე" - ექსპერტი პარლამენტში დაღვრილი სითხის შესახებ

სითხე, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაღვარეს, 1940-იან წლებში საბჭოთა კავშირში შეიქმნა, არსად არ არის დარეგისტრირებული და ყველა ქვეყანაშია აკრძალული
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში დაასხეს „მკვლელი სითხე", რომელიც არალეგალურად იყიდება, განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ექიმმა ვეტერინარმა, ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტმა სურსათის უვნებლობის საკითხებში გიორგი ჩიკვაიძემ.

ევაკუაცია პარლამენტში – ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში საეჭვო სითხე დაღვარა>>

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ხუთშაბათს სხდომათა დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, რადგან იქ ვიღაცამ დაღვარა სითხე, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა. რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია ნაჩქარევად დაადანაშაულეს „ქიმიურ ტერაქტში" და კონკრეტული სახელებიც დაასახელეს.

ჩიკვაიძის განცხადებით, „ACD ფრაქცია 2" 1940-იან წლებში საბჭოთა კავშირში შეიქმნა. ის შეიცავს ადაპტოგენებს, რომელსაც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოიმუშავებს.

„ამ ნივთიერებას პრეპარატს ვერ დავარქმევ, რადგან „ACD ფრაქცია 2" არის არათუ არარეგისტრირებული, არამედ, აკრძალული ნივთიერება ყველა ქვეყანაში. მას არ გააჩნია ფონი, არც ვიტამინია, არც ანტიბიოტიკი, არის გაურკვეველი სტიმულატორი. როდესაც ვეტერინარიის დეპარტამენტში ვმუშაობდი, არაერთი მომართვიანობა იყო, რომ ადამიანები ამას თვითნებურად სვამდნენ და ჰქონდათ გვერდითი მოვლენები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დეტალური კვლევა ჩაგვეტარებინა", - განაცხადა ჩიკვაიძემ.

პრეპარატი ჰიპერალერგიულობით გამოირჩევა. ალერგიით დაავადებულ ადამიანს, თუ ამ ნივთიერებას შეისუნთქავს, ან კანზე მოხვდება, შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ სერიოზული ალერგიული რეაქცია, არამედ, შეიძლება მივიდეს ანაფილაქტიკურ შოკამდე ან ლეტალურ შედეგამდე, აღნიშნა ჩიკვაიძემ და დასძინა, რომ „ACD ფრაქცია 2" 1940-იან წლებში, ძირითადად, სამხედროებში ტკივილგამაყუჩებლის სახით გამოიყენებოდა.

„ეს ქიმიური შეტევაა" – პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე

თავისი მოსაზრება ამ პრეპარატთან დაკავშირებით გათქვა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის მართვის თავმჯდომარე თემურ კობიძემ. მისი თქმით, ამ პრეპარატს ბაყაყებისა და მოლუსკებისგან ამზადებდნენ. მას ასევე იყენებდნენ, როგორც რადიაციის საწინააღმდეგო ნივთიერებას, რადგან მიიჩნევდნენ იმუნოსტიმულატორად.

„მედიცინა ამ პრეპარატს არ აღიარებს. მხედველობაში მაქვს ოფიციალური მედიცინა. ის ვეტერინარიაში გამოიყენება", - განაცხადა კობიძემ.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.