თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წლის დასაწყისიდან მძიმე დანაშაულისთვის საქართველოს 124 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს შსს–ს უცხოეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის წყალობით, 12 ოპერაცია ჩატარდა ბელგიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიასა და ჩეხეთში.
დაკავებულთა შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შსს–ს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლი) ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, 2018 წლის სექტემბერში კი ევროპოლის შტაბ–ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. ამასთან, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან პოლიციის ატაშეები გაიგზავნა.