საქართველომ ჩინეთში ძიუდოს ტურნირზე უკვე პირველი მედალი მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა სლოვაკ მეტოქეს სძლია და ჩინეთში პრესტიჟული ტურნირის ბრინჯაოს მედალი მიიღო.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) პირველი მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებისთვის. მან ჩინეთის ქალაქ ცინდაოში გამართულ „მასტერსის" სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მარგველაშვილმა სლოვაკი სპორტსმენი ადრიან გომბოკი დაამარცხა. ამ წონაში პირველ ადგილზე გავიდა იტალიელი ძიუდოისტი მანუელ ლომბარდო, ხოლო ვერცხლი მონღოლ კერლენ განბოლდს ერგო.

ქართველი ძიუდოისტები ჩინეთში პრესტიჟულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას>>

შეჯიბრების პირველი დღის შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი (-60), ბაგრატ ნინიაშვილი (-66) და ეთერ ლიპარტელიანი (-57), მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ.

საქართველომ ჩინეთში ძიუდოს ტურნირზე უკვე პირველი მედალი მოიპოვა

ხვალ ტატამზე ქართველი სპორტსმენები არ გავლენ, ხოლო 14 დეკემბერს მედლებისთვის იბრძოლებენ ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური (-90), ვარლამ ლიპარტელიანი (-100), გელა ზაალიშვილი და ლევან მათიაშვილი (+100).

ტურნირი ჩინეთში 14 დეკემბერს დასრულდება. საპრიზო ფონდი 296 ათას დოლარს შეადგენს.