დეპუტატ აკაკი ზოიძეს უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ყოფილ კოლეგასა და მეგობარს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

აღნიშნულ განკარგულებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყოფილ კოლეგას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მას, როგორც ჩვენს კოლეგას და მეგობარს, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. იგი იყო ინიციატორი არაერთი რეფორმატორული პაკეტის და მონაწილეობას იღებდა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვაში. შემდგომ საქმიანობაში მინდა წარმატებები ვუსურვო მას", – განაცხადა თალაკვაძემ.

აკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების და საერთოდ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას თვალისწინებდა.

ზოიძე საკუთარი გეგმების შესახებ საუბარს მოგვიანებით აპირებს.

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს>>>

აკაკი ზოიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა, შესაბამისად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ახლო მომავალში მის შემცვლელს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზოიძეს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის მიხედვით, სიაში შემდგომი პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ზოიძე მეორე დეპუტატია, რომელსაც პარლამენტმა დღეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუჩერა – უფლებამოსილება შეუწყდა ასევე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო 2011 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში – სასამართლომ მელია დამნაშავედ აღიარა სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაში მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მას 25 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაავალდებულა. ამასთან ერთად ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.