ყვითელი ამბები

„არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც ყველამ გაიგო“ – პაატა ბურჭულაძე კლინიკაში მოხვდა

ცნობილი საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე დიდი ხანია აქტიურად აღარ ჩანს. აღმოჩნდა, რომ მუსიკოსი კლინიკაში წევს.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა

აღმნოჩნდა, რომ ცნობილ მუსიკოსს ფეხზე ოპერაცია დასჭირდა და გარკვეული პერიოდი ყავარჯნებით ივლის.

„ჩემო მეგობრებო, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვხედავ, რომ მაინც ბევრმა გაიგო. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გპასუხობთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჯერჯერობით კლინიკაში ვრჩები და გავდივარ სარეაბილიტაციო კურსს. ქირურგიული ჩარევა დამჭირდა ფეხზე და როგორც აქ ამბობენ, სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

სკანდალი პაატა ბურჭულაძის ირგვლივ – სად მიდიოდა „იავნანას" თანხები

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც ჩამოვა და 28 დეკემბერს ფონდ „იავნანას“ კონცერტს დაესწრება.

2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე წაგების შემდეგ ბურჭულაძე გარკვეული პერიოდი არ ჩანდა. ის ტელევიზიის ეკრანებზე მისი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" გარშემო ატეხილი სკანდალის გამო გამოჩნდა.

2017 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადება, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. თავად ბურჭულაძე ამას პოლიტიკურ შეკვეთას უწოდებს და ყველაფერში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.