გახარია: ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტების მზადყოფნა ჩვენი ძირითადი ამოცანაა

საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყება და აპრილამდე ჩათვლით გრძელდება.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მთის კურორტების მზადყოფნა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ზამთრის კურორტებზე როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველი უწყებების მუშაობის მდგომარეობით.

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

„უნდა ვიცოდეთ – სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, სად ვართ სამართალდამცველი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილში, რა მდგომარეობაში გვაქვს გზები. ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემები. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის მაქსიმალური მზაობა გვქონდეს", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ვითარება.

ცალკეული უწყებების ხელმძღვანელებმა მიიღეს დავალებები – როგორ შეიძლება კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართოს სამუშაოები, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურა ერთობლივად ახორციელებს.

შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ინტეგრირებულია ყველა ის უწყება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია.

საქართველოში სრული დატვირთვით მიმდინარეობს მთის სეზონისთვის მზადება, წელს ზამთრის კურორტები სტუმრებს რიგი სიახლეებით ხვდებიან, მათ შორისაა ზვავსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი.

ტურისტების რიცხვი მთის კურორტებზე ერთი მეოთხედით გაიზარდა

პირველი ზვავსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი გუდაურში დაიწყო. აღნიშნული სისტემის ღირებულება 21 მლნ ლარია, რომლის მონტაჟიც წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

რაც შეეხება ბაკურიანს, კურორტი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგირო გზით ხვდება.

ახალი ტრასები სპეციალურად ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა, რომელიც ბაკურიანში 2023 წელს გაიმართება.

დიდველზე გარემონტდა ათი ახალი გონდოლა, რის შედეგადაც ძველი საბაგირო გზა საათში 350-400 ადამიანის გატარებას შეძლებს.

საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე ჩათვლით გრძელდება.