ახალ მიკროავტობუსებს თბილისის მერია შეიძენს

მიკროავტობუსები, რომლებსაც თბილისის მერია შეიძენს, არა „თბილისის მიკროავტობუსის", არამედ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში იქნება.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია უახლოეს მომავალში 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისისთვის მიკროავტობუსები აუცილებელია. დედაქალაქში ბევრი ვიწრო ქუჩაა და ზოგან რთული რელიეფი, ამიტომ იქ ავტობუსების გადაადგილება შეუძლებელია.

„ჩემი გეგმა მაქვს“: როგორ აპირებს თბილისის ვიცე-მერი სამარშრუტო ტაქსების პარკის განახლებას>>

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობასთან ხმალაძის მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ კომპანიას საკუთარი სახსრებით ავტოპარკის განახლება არ შეუძლია ისე, თუ მგზავრობის ტარიფი არ გაზრდება.

„კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს კომპანიასთან და მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტბუსების ჩანაცვლებას... უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები", – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, „თბილისის მიკროავტობუსს" აქვს „ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი", რის ათვისებაშიც კომპანიას მერია დაეხმარება.

გაძვირდება თბილისში „მარშუტკებით“ მგზავრობა? მერიის ახალი განცხადება

„მომდევნო პერიოდში ჩვენ კომპანიასთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ კომპანია დარჩენილი პარკის ჩანაცვლებასაც გააკეთებს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც", – აღნიშნა ხმალაძემ.

თბილისს ამჟამად დაახლოებით 1,8 ათასი „მარშრუტკა" ემსახურება. დღის განმავლობაში მიკროავტობუსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

„მარშრუტკებით" მგზავრობის ღირებულება 0,8 ლარია, ხოლო მოკლე მანძილებზე – 0,5 ლარი.