თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემა საქართველოს აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში დაეხმარება, მიაჩნია გელათის აკადემიის აკადემიკოსს, პარტია „თეთრების“ თავმჯდომარეს თემურ შაშიაშვილს.
„Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა მეცნიერებმა ისაუბრეს, თუ რომელი საარჩევნო სისტემაა საქართველოსთვის მისაღები.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაზე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არც ერთი მათგანი პანაცეა არ არის. თუმცა, საქართველოსთვის მაინც მაჟორიტარული სისტემაა საუკეთესო. რატომ? რათა შევინარჩუნოთ ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. თუ ჩვენ პროპორციული სისტემით წავალთ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მივიღოთ პარლამენტი, რომლის დეპუტატების 90% თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები იქნება“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემა არღვევს ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის უფლებებს.
„აქ ორი მეცნიერი ზის. მათ არ უნდათ პარტიაში შესვლა, მაგრამ სურთ არჩევნებში მონაწილეობა. თუ ისინი პარტიაში არ შევლენ ან პარტიულ სიაში ვერ მოხვდებიან, მაშინ ვერ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას“, – აცხადებს შაშიაშვილი.
საარჩევნო სისტემა ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საჯილდაო ქვა გახდა. საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემდეგ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა, 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია ყოველდღიურად საპროტესტო აქციებს მართავს.
მეცნიერებათა დოქტორის, ჟურნალისტ გუბაზ მეგრელიძის აზრით, ქვეყანას ე.წ. „პიროვნებების პარლამენტი“ სჭირდება, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული.
„ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფობრივი ხედვის მიმართულება და გამოვდივართ „პიროვნებების პარლამენტის" მხარდასაჭერად, როგორც ეს აშშ-შია, რათა ადამიანმა იცოდეს – ვის ირჩევს. როცა შენ პროპორციული სისტემით ირჩევ, გაუგებარია ვინ ვინაა. ბევრი უცხო სახეა და შედეგად ჩვენ პარლამენტში ვიღებთ კამათს და ჩხუბს", – განაცხადა მეცნიერმა.
მეგრელიძის სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომელთა საქმიანობის შესახებაც მოსახლეობისთვის ცნობილია.
იდეის ავტორების განცხადებით, საქართველოში მსგავსი სისტემის დანერგვით შეიძლება სირთულეები გაჩნდეს.
„ამას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება, განსაკუთრებით, პარტიებს შორის, მაგრამ არჩევანი ხალხზეა: ან გაუგებარი პარტიული სიები, ან „პიროვნებების პარლამენტი", – განაცხადა მეგრელიძემ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეების განცხადებით, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების გამართვისთვის მნიშვნელოვანია ასევე მასმედიაში პოლიტიკური მოვლენების გაშუქების საკითხი. მეცნიერები სახალხო ტელევიზიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.
„რათა იგი დაფინანსდეს მოსახლეობის შემოწირულობებით და არ იყოს ვინმეზე დამოკიდებული. იგი უნდა იყოს თავისუფალი, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს გამოსვლა და მისი აზრის დაფიქსირება. ეს იქნება ობიექტურ, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული მასობრივი ინფორმაციის საშუალება“, – განაცხადა მეგრელიძემ.
დღეისათვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს. არსებული კონსტიტუციით, 77 მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, ხოლო 73 — კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ხმათა უმეტესობა აქვთ მიღებული თავიანთ ერთმანდატიან ოლქებში.
კანონმდებლობით, 2024 წლიდან ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე სრულად გადადის.